„არარეალური სცენარია“ - ლაპორტა მესის შესაძლო იჯარაზე
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ჟურნალისტებთან საუბარში კატალონიელთა ყოფილი „ათიანის“, ლიონელ მესის განცხადებებზე ისაუბრა და უპასუხა კითხვას, განიხილავს თუ არა „ბლაუგრანა“ არგენტინელის იჯარას მლს-ში გამოცხადებული პაუზის დასრულებამდე.
„გამიხარდა, რომ მესი „კამპ ნოუზე“ მივიდა, მაგრამ ამის შესახებ წინასწარ არაფერი ვიცოდით. მესი ძალიან გვიყვარს, მან იცის, რომ „ბარსელონა“ მისი სახლია. ვფიქრობ, ის ისტორიაში საუკეთესო გაცილებას იმსახურებს. როგორც კი სტადიონზე 105 ათას გულშემატკივარს დაუშვებენ, ჩვენ ამაზე აუცილებლად ვიფიქრებთ. მესი ისე უნდა გავაცილოთ, როგორც ის ამას იმსახურებს.
მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოხდა ყველაფერი მაშინ [როცა მესის კლუბის დატოვება მოუწია], მე არაფერს ვნანობ. „ბარსელონა“ ნებისმიერ ფეხბურთელზე მაღლა დგას. ჩვენ სულ სხვა გეგმები გვქონდა, მაგრამ მათი განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა.
იჯარა მლს-ში პაუზის დასრულებამდე? პატივს ვცემ მესის, ჩვენს ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს, ამიტომ პირდაპირ ვიტყვი, რომ ახლა არარეალური სცენარებით სპეკულირების დრო არაა“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მესი ღამის საათებში მოულოდნელად მშენებარე „კამპ ნოუს“ ესტუმრა და დაცვას მისი სტადიონზე შეშვება სთხოვა. მედიასთან საუბარში მესიმ განაცხადა, რომ „კამპ ნოუ“ ენატრება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მოუწია მას კლუბთან დამშვიდობება 2021 წელს.