19 წლამდე ნაკრები | მაისურაძის გუნდმა შესარჩევი ხორვატიასთან მარცხით დაიწყო
საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ხორვატიას დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
ხორვატიის ქალაქ კარლოვაცში გამართულ მატჩში მასპინძლებს ანგარიშის გახსნა უკვე მე-7 წუთზე შეეძლოთ, თუმცა გიორგი ყავლაშვილმა ახლო მანძილიდან დარტყმულ ბურთზე რეაგირება მოასწრო და კარლო ზულფიჩს არ გაატანინა. 27-ე წუთზე ნიკოლოზ ჩიქოვანს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ამ შემთხვევაში მოწოდების სიმაღლეზე უკვე ხორვატების მეკარე აღმოჩნდა. 30-ე წუთზე სტუმრები კარლო შიმიჩმა დააწინაურა და შესვენებაზე გუნდები ხორვატების მინიმალური უპირატესობით გავიდნენ.
მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება სცადა, თუმცა რეალური საგოლე მომენტი ვერ შექმნა. 74-ე წუთზე დიაკონიძის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა ხორვატების კარს, ხოლო უკვე ორ წუთში მასპინძლებმა უპირატესობა ორამდე გაზარდეს - თავი ტომაშ ბაკოვიჩმა გამოიჩინა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ყავლაშვილი, ბოჭორიშვილი, შათირიშვილი, ამისულაშვილი, მურვანიძე (კუპრავა, 79), ხუციშვილი, რატიანი (გოგილაშვილი, 90), დანელია (ნიორაძე, 72), დიაკონიძე, დოლტმურზიევი (ფერაძე, 72), ჩიქოვანი (ბართიშვილი, 72).
15 ნოემბერს ვასილ მაისურაძის გუნდი სერბეთს, 18 ნოემბერს კი გიბრალტარს შეხვდება. 4-გუნდიანი ჯგუფიდან (საქართველო, ხორვატია, სერბეთი, გიბრალტარი) ელიტ რაუნდში თამაშს ორი გუნდი განაგრძობს, ხოლო მესამე პოზიციაზე გასულ ნაკრებს შანსი აქვს შემდეგ ეტაპზე საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდის სტატუსით მოხვდეს.