„ავტობუსიდან გადმოსვლის უფლება არ მომცა“ - ბარკლი ლამპარდის სასჯელზე
ფეხბურთში ბევრი შემთხვევა არსებობს, როდესაც ესა თუ ის ფეხბურთელი ალკოჰოლზეა დამოკიდებული, რაც მათ თავისთავად რეჟიმისა და დისციპლინის დარღვევისკენ უბიძგებთ. ზოგიერთი მათგანი ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარიერის დასრულების შემდგომ აღიარებს, თუმცა როს ბარკლიმ იქამდე მოცდა არ არჩია და საჯაროდ საუბარი ახლავე დაიწყო. პრინციპში, სხვა არჩევანი არც ჰქონდა, რადგან მისი სასმელისადმი სიყვარული რამდენიმე წლის წინ გამომჟღავნდა, რაზეც 31 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად „ასტონ ვილას“ ღირსებას იცავს, ერთ-ერთ ინტერვიუში დეტალურად მოჰყვა და ფრენკ ლამპარდის სასჯელის შესახებაც ილაპარაკა, რომელიც მაშინ „ჩელსიში“ მისი მთავარი მწვრთნელი იყო.
როს ბარკლი
როდესაც უზომოდ ბევრს სვამ, შემდგომ ისეთ რაღაცეებს აკეთებ, რასაც ძალიან ნანობ. კვირა დღე იყო, როდესაც ლივერპულში საშინლად დავთვერი, ოთხშაბათს კი სტუმრად „ლილთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩი გვქონდა. მაშინ „ჩელსიში“ ვასპარეზობდი და ჩვენი მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი გახლდათ, რომლისთვისაც ეს ალკოჰოლიზმი უცხო არ იყო და ახალგაზრდობაში ეს პრობლემები წარმატებით ჰქონდა დაძლეული.
სიმთვრალეში ჩემთვის შეუმჩნევლად გადამიღეს ვიდეო, რომელიც მეორე დღესვე საინფორმაციო საშუალებებში მოხვდა. ვარჯიშზე მისულს ლამპარდმა მითხრა, რომ გართობისთვის და დასალევად სამომავლოდ უკეთესი დრო შემერჩია, ხოლო სასჯელად ისეთ რამეს მიმზადებდა, რაც ჩემთვის გაკვეთილი იქნებოდა. მართლაც ასე მოხდა - საფრანგეთში გუნდს გავყევი და როდესაც ვიფიქრე, რომ უსიამოვნებებს გადარჩენილი ვიყავი, მაშინ შევიტყვე, რომ ფრენკმა განაცხადში არ შემიყვანა. მეტსაც გეტყვით, მატჩის დროს მოედანზე და სასტუმროში შესვლის უფლება არ მომცა და „ლილი“ – „ჩელსის“ თამაშს ავტობუსში ვუყურე.
ცნობისათვის, როს ბარკლი „ჩელსიში“ 2018-2022 წლებში ასპარეზობდა, 100 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და თითოჯერ ინგლისის ასოციაციის თასი, ევროპა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.