UEFA-მ ევრო 2028 კალენდარი და მასპინძელი სტადიონები დაამტკიცა
ცოტა ხნის წინ, უეფამ ოფიციალურად გამოაცხადა ევრო 2028-ის კალენდრის შესახებ. ცნობილი გახდა ტურნირის დაწყებისა და დასრულების თარიღები. ასევე, დასახელდა მასპინძელი სტადიონების ლოკაციები, გამოქვეყნდა ტურნირის ოფიციალური ლოგო და ცნობილი გახდა ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც გულშემატკივარს აინტერესებს.
ოფიციალური ინფორმაციით, 2028 წლის ევროპის ჩემპიონატი სტარტს 9 ივნისს აიღებს და 9 ივლისს, ფინალური მატჩით დაიხურება. როგორც ცნობილია, გათამაშება დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კი ინგლისში, შოტლანდიაში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში გაიმართება. აქამდე ტურნირისთვის ოთხ ქვეყანას არასდროს უმასპინძლია.
როგორც გითხარით, ევრო 2028 9 ივნისს დაიწყება, გახსნით მატჩს კი უელსის დედაქალაქი კარდიფი, კერძოდ კი უელსის ნაციონალური სტადიონი უმასპინძლებს. ამ სტადიონის გარდა, შეხვედრები გაიმართება:
- „დუბლინ არენაზე“ (დუბლინი, ირლანდია),
- „ჰამპდენ პარკზე“ (გლაზგო, შოტლანდია),
- „სენტ ჯეიმს პარკზე“ (ნიუკასლი, ინგლისი),
- „მანჩესტერ სიტი სტადიუმზე“ (მანჩესტერი, ინგლისი),
- „ევერტონ სტადიუმზე“ (ლივერპული, ინგლისი),
- „ვილა პარკზე“ (ბირმინგემი, ინგლისი),
- „ტოტენჰემ ჰოტსპურ სტადიუმზე“ (ლონდონი, ინგლისი),
- „უემბლიზე“ (ლონდონი, ინგლისი).

ჯგუფური ეტაპი 21 ივნისს დასრულდება.
საგულისხმოა, რომ ერთ-ერთი მასპინძელი ჩრდ. ირლანდიაც უნდა ყოფილიყო, რისთვისაც ქვეყნის მთავარ სტადიონ „ბელფასტის“ რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა, თუმცა როგორც ცნობილი გახდა, სტადიონის რეკონსტრუქცია ვერ ესწრება, რის გამოც UEFA-მ ჩრდ. ირლანდია მასპინძელი ქვეყნების სიიდან ამოიღო.
1/8 ფინალები „უემბლის“ გარდა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სტადიონზე 24-27 ივნისს გაიმართება. 1/4 ფინალებს 30 ივნისსა და 1 ივლისს კარდიფი, დუბლინი და გლაზგო უმასპინძლებენ. ნახევარფინალური მატჩები და ფინალი კი ლეგენდარულ „უემბლიზე“ ჩატარდება. 1/2 ფინალები 4 და 5 ივლისს, ფინალი კი, როგორც გითხარით, 9 ივლისს გაიმართება.
ცნობისთვის, „უემბლის“ სტადიონს აქამდე ორჯერ უმასპინძლია ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის. პირველად ეს 1996 წელს, ძველ „უემბლიზე“ მოხდა, სადაც გერმანიის ნაკრებმა ჩეხეთის რესპუბლიკის ნაკრები 2:1 დაამარცხა. მეორედ კი ევრო 2020-ზე, რომელშიც ერთმანეთს ინგლისისა და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ამ ფინალის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები ფრედ, 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი იტალიამ 3:2 გაიმარჯვა.
აქვე გეტყვით, რომ ევრო 2028 წლის საკვალიფიკაციო ეტაპი სტარტს 2027 წლის მარტში აიღებს და ნოემბერში დასრულდება. პლეი-ოფის მატჩები კი 2028 წლის მარტში გაიმართება. ტურნირზე მოხვედრის შანსი კვლავ ექნებათ ერთა ლიგაში მონაწილე გუნდებს. ერთა ლიგის ტურნირი კლასიკური საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე, 2026 წლის სექტემბერში აიღებს სტარტს და ნოემბერში დასრულდება.