„საქართველომ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, ასე აღარ უნდა ვითამაშოთ“ - საფრანგეთის მწვრთნელი
21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საფრანგეთის 21-წლამდე გუნდს დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში 3:2 დამარცხდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჟერარ ბატიკლიმ პრესკონფერენციაზე განვლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა ბატიკლიმ:
„ვამაყობ, რადგან ვიგრძენით, რომ ჩვენს გუნდს ძლიერი ხასიათი აქვს. როდესაც მეორე გოლი გავუშვით, პანიკა არ გვქონია. მთელი თამაშის გათვალისწინებით, შედეგი ლოგიკური იყო. ასეთ თამაშებში იბადება მომავლის გუნდი, რომელიც რთულ მატჩებს იგებს. მთავარია, რომ ამ გამოწვევას თავი გავართვით“.
„საქართველოს ნაკრებმა პრობლემები შეგვიქმნა. გვქონდა შეცდომები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ. მოედნის ცენტრში რამდენჯერმე შევცდით, რაც შემდეგ მატჩებში აღარ უნდა გავიმეოროთ“.
„თამაშამდე საქართველოს ნაკრები შევისწავლეთ და მისი პლუს-მინუსები ვიცოდით, მაგრამ მაინც დიდი წინააღმდეგობა შეგვხვდა და დიდი ენერგია დავხარჯეთ, რომ მოგვეგო. მეტოქის გუნდიდან მაისურაძესა და აზაროვს გამოვარჩევდი“.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 2 ტურის შემდეგ C ჯგუფის სატურნირო ცხრილში 3 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება. 4-4 ქულა აქვთ პორტუგალიასა და საფრანგეთს, რომლებიც პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ. ბოლო, მე-4 პოზიციაზე კი პოლონეთია.
რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას 17 ივნისს, ტრენჩინში პორტუგალიის 21-წლამდე გუნდთან გამართავს.