მუხლზე ოპერაცია გაუკეთდა | გავი 4-5 თვეს იუქმებს
„ბარსელონას“ ნახევარმცველ გავის ოპერაცია ჩაუტარდა - ფეხბურთელი დაახლოებით 5 თვეს იუქმებს. ინფორმაცია ამის შესახებ კატალონიური კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კლუბის სამედიცინო შტაბი იმედოვნებდა, რომ ართროსკოპიის საშუალებით ფეხბურთელს დისკომფორტს მოუხსნიდა, რის შედეგადაც გავი მოედანზე 5 კვირაში დაბრუნდებოდა, თუმცა ოპერაციის პროცესში ნათელი გახდა, რომ მენისკი მოსალოდნელზე მეტად იყო დაზიანებული.
შესაბამისად, გავი მოედანზე სავარაუდოდ 2026 წლის მარტში დაბრუნდება, ჰანსი ფლიკის გუნდს სეზონის დასკვნით ეტაპზე დაეხმარება და შეეცდება, ზაფხულში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ესპანეთის ნაკრებში გამოძახება დაიმსახუროს.
რაც შეეხება „ბარსელონას“, მოედნის ცენტრში ფლიკს არჩევანი შეუმცირდა. გერმანელი სპეციალისტის განკარგულებაში არიან ახალგაზრდა მარკ ბერნალი, მარკ კასადო, ფრენკი დე იონგი, პედრი, ფერმინ ლოპესი და დანი ოლმო. ამასთანავე საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშის გამოცდილება აქვთ ანდრეას კრისტენსენსა და ერიკ გარსიას.
აქვე გეტყვით, რომ რეაბილიტაციის პროცესს აგრძელებენ „ბლაუგრანას“ გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ სტეგენი, მარცხენა მცველი ალეხანდრო ბალდე და გარემარბი ლამინ იამალი. ბალდე მოედანს სავარაუდოდ პსჟ-თან მატჩში დაუბრუნდება, იამალი კი ხვალ „ოვიედოსთან“ მატჩს გამოტოვებს, თუმცა კვირას, „სოსიედადთან“ მატჩისთვის უკვე განაცხადში უნდა იყოს.