სონენი: თოფურია-მახაჩევის ბრძოლა მაკგრეგორის ნებისმიერ ბრძოლას აჯობებს
UFC-ის კომენტატორი და ანალიტიკოსი ჩეილ სონენი მიიჩნევს, რომ 2026 წლის 4 ივლისს თეთრ სახლში გასამართი ღონისძიების მთავარი ბრძოლა თოფურია-მახაჩევის დაპირისპირება უნდა იყოს და არა კონორ მაკგრეგორის დაბრუნება.
„ღიად ვსაუბრობთ იმაზე, რომ თუ კონორი მთავარ ღონისძიებაზე იბრძოლებს, სასწორზე ტიტული არ დაიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისტორიაში ყველაზე გრანდიოზული შოუ საჩემპიონო ბრძოლის გარეშე ჩაივლის. მაგრამ რა შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ტიტულისთვის ბრძოლა?
თუ ჯონ ჯონსს სურს ორგანიზაციის ნდობის მოპოვება, მას ამის გაკეთების უამრავი გზა აქვს. იმიტომ, რომ ვერც ერთი ბრძოლა ვერ აჯობებს ჯონ ჯონსის მონაწილეობით გამართულ ბრძოლას. მას შეუძლია იბრძოლოს ვანკუვერში თებერვალში და დაიმსახუროს გზა მწვერვალისკენ, დაამტკიცოს, რომ ის არის ნომერ პირველი პრეტენდენტი.
გარდა ამისა, ჩვენ უკვე გვაქვს მზა დიდი ბრძოლა - ეს არის ილია ისლამის წინააღმდეგ. თოფურია მახაჩევის წინააღმდეგ, ჩემპიონი ჩემპიონის წინააღმდეგ – ეს ბრძოლა, კონორ მაკგრეგორის მონაწილეობით გამართულ ნებისმიერ ორთაბრძოლას აჯობებს“,
– განაცხადა ამერიკელმა თავის პოდკასტში.
იმისთვის, რომ ილია თოფურიასთან სუპერბრძოლა რეალური გახდეს, ისლამ მახაჩევმა 15 ნოემბერს ჯეკ დელა მადალენა უნდა დაამარცხოს და ავსტრალიელს UFC-ის ნახევრადსაშუალო წონის ჩემპიონის ქამარი წაართვას, ქართველი მებრძოლი კი ოქტაგონზე დაბრუნებას მომავალი წლის დასაწყისში გეგმავს და მსუბუქ წონით კატეგორიაში მის ქამარს პირველად დაიცავს.