„საიმედო და თავდაჯერებული მეკარე“ | რას წერენ ინგლისურ პრესაში მამარდაშვილზე
ინგლისის კარაბაო თასის 1/16-ფინალში „ლივერპულმა“ „საუთჰემპტონი“ 2:1 დაამარცხა და გიორგი მამარდაშვილმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. „მამარდას“ ორი მოგერიება ჰქონდა, გაშვებულ გოლში კი მას ვერ დავადანაშაულებთ და ქართველმა მეკარემ ინგლისური გამოცემების ქებაც დაიმსახურა.
This is anfield (7 ქულა): „მატჩის დასაწყისშივე ჩაერთო თამაშში და ადამ არმსტრონგის დარტყმა მოიგერია. შემდგომ ეპიზოდებში სიტუაციებს დამაჯერებლად აკონტროლებდა.“
Liverpool.com (7 ქულა): „ვალენსიადან გადმოსვლის შემდეგ ლივერპულის მაისურით სადებიუტო მატჩი ჩაატარა. თამაშში მალევე ჩაერთო და ადამ არმსტრონგის დარტყმის შემდეგ კარგი ბურთი მოიგერია. მთელი მატჩის განმავლობაში ხელით კარგად თამაშობდა და მშვიდი, გაწონასწორებული იყო, თუ არ ჩავთვლით ერთ გადაცემას, რომელსაც კინაღამ პრობლემები მოჰყვა.“
GOAL (6 ქულა): „კარგი დებიუტი ქართველი მეკარისთვის, რომელსაც უფრო მეტჯერ მოუწია თამაშში ჩართვა, ვიდრე ელოდებოდა. რამდენიმე კარგი ბურთი მოიგერია და ლივერპულის კარში კომფორტულად გამოიყურებოდა.“
LiverpoolEcho (7 ქულა): „ძალიან კარგი ბურთი მოიგერია და აშკარად ძალიან თავდაჯერებული მეკარეა. პასების განაწილების მხრივ, სამუშაო აქვს. მატჩის მიწურულს, მაღალი ბურთი დაიჭირა და გუნდს წნეხი მოუხსნა.“
Express (7 ქულა): „ადამ არმსტრონგს გოლის გატანის საშუალება არ მისცა, ხოლო როდესაც თავდამსხმელმა ბურთი ხარიხას გაარტყა, კარიდან სწრაფად გამოვიდა, რომ კუთხე დაეფარა. ჩაწოდებებს კარგად გაუმკლავდა და საუთჰემპტონის გოლისას დაცვამ დააღალატა.“
LiverpoolWorld (7 ქულა): „პირველ ტაიმში ერთი მშვენიერი მოგერიება ჰქონდა და საკმარისი გააკეთა, რომ არმსტრონგს მომენტი ვერ გამოეყენებინა. რამდენიმე ეპიზოდში კარიდან თავდაჯერებული გამოვიდა. მეორე ტაიმში სახიფათო მომენტი ძალიან კარგად განმუხტა და გოლის ეპიზოდში უშანსოდ იყო.“
Rousing the kop (7 ქულა): „ქართველმა ფეხბურთელმა ლივერპულში პირველი ოფიციალური თამაში ჩაატარა და დაამტკიცა, რომ წითლებს ძალიან საიმედო მეორე მეკარე ჰყავთ. პირველ ტაიმში ძალიან კარგი ბურთი მოიგერია. მთელი მატჩის განმავლობაში თავდაჯერებული იყო და კარში თავს კომფორტულად გრძნობდა.“
შეგახსენებთ, რომ მატჩის შემდეგ მამარდაშვილზე არნე სლოტმაც ისაუბრა. „ლივერპულის“ ნიდერლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი შეაქო და განაცხადა, რომ მან ძალიან კარგი თამაში ჩაატარა.