„კარგი ფეხბურთელია, მისი ადაპტაცია სწრაფად მიმდინარეობს“ | მარსელინო მიქაუტაძეზე
ესპანეთის ლა ლიგის მეექვსე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ სტუმრად „სევილიას“ დაუპირისპირდა. „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ 0:1-ს აგებდა, თუმცა თამაში შემოატრიალა და 2:1 გაიმარჯვა.
მიქაუტაძემ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა. 86-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავად ითამაშა და საგოლე გადაცემა მიითვალა. შეხვედრის შემდეგ „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინო გარსია ტორალმა 24 წლის თავდამსხმელზე ისაუბრა.
„მიქაუტაძე კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ვფიქრობ, გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი მყავს და კარიერაში, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია გრძელდება, რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი გამიწვრთნია. იღბლიანი ადამიანი ვარ. ძალიან კარგ ფეხბურთელებთან რომ არ მემუშავა, 22 წელი მწვრთნელი ვერ ვიქნებოდი.
ბედნიერი ვართ. მიქაუტაძის ადაპტაცია სწრაფად მიმდინარეობს, მაგრამ დრო არის საჭირო და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რათა თანაგუნდელები და ჩემპიონატი უკეთ გაიცნოს და ახალ კულტურას, ქვეყანასა და განსხვავებულ ენას შეეგუოს. ეს ყველაფერი კი პროცესის ნაწილია. ხანდახან გვგონია, რომ პროფესიონალი ფეხბურთელები მანქანები არიან. სინამდვილეში ისინი ადამიანები არიან, რომლებსაც ადაპტაციის პერიოდის გავლა სჭირდებათ ყველა იმ გარემოებასთან შესაგუებლად, რაც მათ კონკურენტულ დონესა და თამაშს უკავშირდება. მასთან მიმართებით მინდა, ფრთხილი ვიყო და დავეხმარო. თუმცა, ამავდროულად, გარკვეული მოთხოვნებიც უნდა გვქონდეს.“
ცნობისთვის, ექვსი ტურის შემდეგ „ვილიარეალს“ 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს. მიქაუტაძის გუნდის შემდეგი გაჩერება „ბილბაოა“, რომელსაც 27 სექტემბერს, საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.