გიორგი ქოჩორაშვილი, სპორტინგი
Aa
Aa

ვასკო კოშტა: “ქოჩორაშვილის თამაში გვაბნევდა“

პორტუგალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ლისაბონის სპორტინგმა მორეირენშეს 3:0 მოუგო. მატჩის დასრულების შემდეგ, მორეირენშეს მთავარმა მწვრთნელმა ვასკო კოშტამ კომენტარი გააკეთა და გიორგი ქოჩორაშვილზე ისაუბრა.

კოშტა:

„როცა თამაშს 0:3-ს აგებ მხოლოდ ის დაგრჩენია, რომ მოწინააღმდეგეს მიულოცო. ისინი უკეთესები იყვნენ. პირველ ნახევარში, ქოჩორაშვილის გადაადგილებების გამო, თამაშის სცენარი ხშირად იცვლებოდა. ის სამკუთხედს და კვადრატს ქმნიდა. ამან დაგვაბნია და ასეთი ზომის სტადიონზე კომუნიკაცია რთული იყო.“

ცნობისთვის, გიორგი ქოჩორაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 54 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველ ნახევარმცველს სტაბილური თამაში ჰქონდა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 54 შეხება, 43-დან 41 ზუსტი პასი, 3-დან 2 ზუსტი გრძელი პასი. 1-დან 1 ზუსტი დრიბლინგი.

6-დან 4 მოგებული პოზიციური დუელი, 1-დან 1 მოგებული საჰაერო დუელი, 1 ჯარიმა, მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ. 1 განმუხტვა, 1 ვარდნა, 1 ართმევა. Sofascore-ზე მისი თამაში 7.3 ქულით შეფასდა.

ასევე გეტყვით, გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში ლისაბონური კლუბის მაისურით მე-8 შეხვედრა ჩაატარა - მე-6 შიდა ჩემპიონატში, 1 სუპერთასზე და ერთიც ჩემპიონთა ლიგაზე, მის ანგარიშზე კი 1 საგოლე გადაცემაა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე „ქაირათის“ წინააღმდეგ შეასრულა.

6 ტურის შემდეგ, „სპორტინგს“ პორტუგალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 5 მოგება და 1 მარცხი აქვს და 15 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. ლისაბონელები ლიდერ „პორტუს“ 3 ქულით ჩამორჩებიან. ქოჩორაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 27 სექტემბერს, სტუმრად ნოდარ ლომინაძის „ეშტორილის“ წინააღმდეგ გამართავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები