გადაწყვეტილება მიღებულია | მანჩესტერ იუნაიტედმა ამორიმი გაათავისუფლა
„მანჩესტერ იუნაიტედს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ენცო მარესკას შემდეგ პოსტი პრემიერ ლიგაში მომუშავე კიდევ ერთმა დამრიგებელმა დატოვა და რუბენ ამორიმი „წითელი ეშმაკების“ თავკაცი აღარ არის.
ავტორიტეტული ჟურნალისტების, ფაბრიციო რომანოსა და დევიდ ორნშტაინის ინფორმაციით, „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრებმა გადაწყვეტილება დღეს დილით მიიღეს. უახლოეს საათებში ისინი ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებენ და ამორიმის გაშვებას დაადასტურებენ.
ამორიმი „ოცნებათა თეატრს“ 14-თვიანი მუშაობის შემდეგ ტოვებს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა პრემიერ ლიგაში გამართული შეხვედრების მხოლოდ 31.9 პროცენტი მოიგო. ახალი მთავარი მწვრთნელის პოვნამდე, დროებითი თავკაცის პოსტზე დარენ ფლეთჩერი დაინიშნება.
ცნობისთვის, 20 ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციას იკავებს. ამორიმის წასვლას წინ უძღოდა მის მიერ „ლიდსთან“ მატჩის შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომლებშიც ჩანდა, რომ მას კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი ჰქონდა.