ბითაძის სუსტი მატჩი ყოფილ გუნდთან - ორლანდომ ინდიანას მოუგო
NBA-ს მორიგ შეხვედრაში „ორლანდომ“ საკუთარ დარბაზში „ინდიანას“ უმასპინძლა და მეტოქე 8-ქულიანი სხვაობით, 135:127 დაამარცხა. ეს მატჩი წესით და რიგით განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო „მეჯიქის“ ქართველი ლეგიონერისთვის გოგა ბითაძისთვის, რადგან მას ყოფილ გუნდთან დაპირისპირება უწევდა, თუმცა სამწუხაროდ მიცემულ დროში 26 წლის ცენტრმა თავი ვერაფრით გამოიჩინა და სუსტი თამაში გამოუვიდა.
ბითაძემ 16 წუთში თავი მხოლოდ 2 ქულასა და 2 მოხსნას მოუყარა. მას პერიმეტრიდან და საჯარიმოს ხაზიდან ერთხელაც არ უსვრია, საშუალო დისტანციიდან ორიდან ერთი ტყორცნა გამოიყენა, ორივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო.
20 მოგებითა და 16 წაგებით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას „მეჯიქი“ „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ გამართავს, რომელიც თბილისის დროით, 7 იანვარს, 04:00 საათზე დაიწყება.