გულიაშვილს ორი გოლი გაუუქმეს - რასინგმა ლეონესას მოუგო
ლა ლიგა 2-ის 30-ე ტურში გიორგი გულიაშვილის „რასინგი“ „კულტურალ ლეონესას“ ესტუმრა და 2:1 გაიმარჯვა.
პირველ ტაიმში გულიაშვილმა გოლიც გაიტანა, თუმცა ვიდეორეფერის ჩარევის შემდეგ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და გოლი გააუქმა. რამდენიმე წუთში „რასინგმა“ მაინც გაიტანა: პეიო კანალესის პასის შემდეგ გულიაშვილმა ბურთი ჭკვიანურად გაატარა, ანდრეს მარტინმა კი ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმის დასაწყისში გულიაშვილმა ისევ გაიტანა, თუმცა ამჯერადაც ის თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. 54-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება „ლეონესას“ შეეძლო, თუმცა ხოკინ ეზკიეტამ კარგად ითამაშა და სელუ დიალოს არ გაატანინა. 57-ე წუთზე „ლეონესამ“ მაინც გაიტანა: კარგად გათამაშებული კომბინაცია ივან კალერომ დააგვირგვინა. 83-ე წუთზე მარტინმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გულიაშვილმა 65 წუთი ითამაშა და Sofascore-ისგან 6.6-იანი შეფასება დაიმსახურა. ქართველი ფორვარდის სტატისტიკა ასეთი იყო: 2 დაბლოკილი დარტყმა, 19 შეხება ბურთთან, 2-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 7-დან 4 ზუსტი პასი (57%), 2 საკვანძო პასი, 4-დან 3 მოგებული ორთაბრძოლა და 2 წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა. გულიაშვილმა 7-ჯერ დაკარგა ბურთი და ორჯერ მოხვდა თამაშგარეში.
30 ტურის შემდეგ „რასინგი“ 59 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს გულიაშვილის გუნდი 21 მარტს, საკუთარ მოედანზე, „ალბასეტეს“ წინააღმდეგ გამართავს.