„ასე იოლად ვერ დამიჭერთ“ | მადურომ ფანებს უთხრა, რომ თავისუფალია
აშშ-მა ვენესუელაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და ქვეყნის პირველი პირი, ნიკოლას მადურო დააკავა. ეს მოვლენა ბოლო დღეებია უცხოური პრესის მთავარ სასაუბრო თემად იქცა და მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საინტერესო ოფიციალური განცხადება გავრცელდა.
„სოციალური ქსელები ამიფეთქდა. მოდით, ყველაფერს ნათელი მოვფინოთ. ასე მარტივად ვერ დამიჭერთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან კარგად ვარ. ნახევარდაცვაში ყოველთვის თავისუფლება მქონდა და საბედნიეროდ, ახლაც თავისუფალი ვარ“, – დაწერა მადურომ X-ის საკუთარ გვერდზე.
ალბათ მიხვდებოდით, რომ ეს ვენესუელის პრეზიდენტის სიტყვები არ არის. მისი ავტორი „აიაქსის“, „ვალენსიასა“ და „სევილიას“ ყოფილი ფეხბურთელი, ჰედვიგეს მადუროა. ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, ნიდერლანდელ მოთამაშეს ბევრჯერ შეცდომით მისწერეს და ეგონათ, რომ ის დააკავეს, რასაც მისი სახუმარო განცხადება მოჰყვა.
ცნობისთვის, მადურო მეუღლესთან ერთად აშშ-შია გადაყვანილი. CBS News, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ მადუროს დაკავებაში მონაწილეობდნენ ამერიკელი სამხედროები, სპეცდანიშნულების ელიტური დანაყოფის — Delta Force-ის ჩართულობით.