რამ დაძაბა ვითარება - ამორიმის წასვლის მიზეზები
ინგლისური სპორტული მედია ერთხმად აღნიშნავს, რომ რუბენ ამორიმის „მანჩესტერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლება რამდენიმე დღის წინ გადაწყდა და „ლიდსთან“ (1:1) დაკარგულ გაუთვალისწინებელ ქულებს კლუბის მფლობელების საბოლოო ვერდიქტზე არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია. გუშინ, იორკშირელებთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პორტუგალიელი სპეციალისტის მიერ გაკეთებული განცხადება კი, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა ბოლო წვეთი აღმოჩნდა.
რუბენ ამორიმი
მინდა ყველამ გაიგოს, რომ მე „მანჩესტერ იუნაიტედის“ არამხოლოდ მთავარი მწვრთნელი, არამედ მენეჯერი ვარ. თუ ვინმეს აზრის გამოტანის პრობლემა აქვს, შემიძლია დავუმარცვლო მე-ნე-ჯე-რი. მთავარი კი ის გახლავთ, რომ კონტრაქტის მიხედვით ეს ყველაფერი კიდევ 18 თვე გაგრძელდება. მათ კი, რომლებიც გარი ნევილის მოსაზრებას ყურადღებას აქცევენ და მის კრიტიკას ვერ უძლებენ, ვურჩევდი სამსახური შეიცვალონ. სკაუტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და სპორტულმა დირექტორმა სჯობს საკუთარ საქმეს მიხედონ, მე კი ჩემს მოვალეობებს თავს გადასარევად ვართმევ.
ეს იყო ბოლო განცხადება, რომელიც ამორიმმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის რანგში გააკეთა და აქცენტირება იმასთან დაკავშირებით, რომ სპორტულმა დირექტორმა საკუთარ საქმეს მიხედოს, იმ კონფლიქტის გამოძახილი გახლდათ, რომელიც მას ჯეისონ უილკოქსთან ჰქონდა.
ეს უკანასკნელი როგორც ირკვევა ხშირად უხეშად ერეოდა პორტუგალიელი მწვრთნელის საქმეებში და მისთვის ტაქტიკის შედგენის დროს, გარკვეული მითითებების მიცემას ცდილობდა, რაც რუბენმა ვერ მოითმინა და უილკოქსი საჯაროდ გააკრიტიკა.