ტრანსპორტირება საკუთარი ხარჯებით, მძღოლი ფეხბურთელი და გაურეცხავი სათამაშო ფორმები - ნიგერიელთა ოლიმპიური სასწაული
ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, ცოტა თუ ელოდა იმას, რომ ნიგერია 1996 წლის ოლიმპიადაზე მაღალ დონეზე იასპარეზებდა, მაგრამ ითამაშეს და თანაც ისე, რომ ფეხბურთელებმა საკუთარი სახელი ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერეს. ბუნებრივია, 1994 წლის მუნდიალზე „არწივები“ არაჩვეულებრივად გამოვიდნენ, მერვედფინალშიც გავიდნენ და სამშობლოში გმირებად დაბრუნდნენ, თუმცა მას შემდეგ გარკვეულმა პრობლემებმა იჩინა თავი, რის გამოც მათგან ატლანტაში განსაკუთრებულ შედეგებს არ ელოდებოდნენ.
ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ნიგერიელების ერთ-ერთი მეტოქე ბრაზილიის ნაკრები იყო, რომლის ვარსკვლავის რონალდოს შეჩერების გზებს მათაც ვერ მიაგნეს. იმდენად ხშირად და რეაქტიულად მოძრაობდა მარცხნიდან მარჯვნივ, რომ მისთვის ბურთის წართმევა პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. „ფენომენის“ მეურვეობა სანდი ოლისეს დაევალა, თუმცა ბუნებრივია მან დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა და ლუის ნაზარიომ ანგარიში გახსნა, რაც სელესაოსთვის გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.
ნიგერიის ნაკრებს ფავორიტად არავინ თვლიდა - ყველას ყურადღება რონალდოს ბრაზილიისკენ და უნიჭიერესი ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ პორტუგალიისა და არგენტინის ეროვნული გუნდისკენ იყო მიპყრობილი. ამას ემატებოდა ის ფაქტიც, რომ აფრიკელები საერთოდ არაფრით არ იყვნენ უზრუნველყოფილნი - ტრანსპორტირებისთვის ფული არ გააჩნდათ და მატჩებსა თუ ვარჯიშებზე საკუთარი ხარჯებით ავტობუსით დადიოდნენ. გარდა ამისა, სასტუმროს პერსონალის წარმომადგენლები მათი სათამაშო ფორმების გარეცხვაზე უარს აცხადებდნენ, რადგან ჭორი იყო გავრცელებული, რომ ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელები შიდსით იყვნენ დაავადებულნი.
როგორც ნიგერიელთა მეკარე ჯოზეფ დოსუ იხსენებს, ზუსტად ოლიმპიადის დროს, ნვანკვო კანუ მილანში „ინტერთან“ კონტრაქტის გასაფორმებლად გაემგზავრა, ხოლო ტიჯანი ბაბანგიდა ამსტერდამში წინ და უკან დაფრინავდა, რათა „აიაქსის“ ხელმძღვანელები დაერწმუნებინა, რომ მათ კლუბს უდიდეს სარგებელს მოუტანდა. ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელთა ნაწილი სასტუმროში უნგრეთის ეროვნული გუნდის მოთამაშეებთან ერთად საუზმობდა, მთავარ მწვრთნელს ჯო ბონფრერეს თვეები არ ჰქონდა ხელფასი აღებული, ხოლო ერთხელ, როდესაც გუნდი ვარჯიშზე მიდიოდა, ავტობუსის მძღოლი არ გამოცხადდა და საჭესთან დაჯდომა ფეხბურთელ ვიქტორ იკპებას მოუწია. ასეთი ექსტრემალური პირობების ფონზე, ნიგერიელები ჯგუფიდან პლეი ოფში მხოლოდ და მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდების ხარჯზე გავიდნენ.
მექსიკელებთან მეოთხედფინალში ჯეი-ჯეი ოკოჩამ გაიბრწყინა - ის ბურთს იმდენად ხავერდოვნად ეხებოდა და თამაშს ისე აკონტროლებდა, რომ მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა. ოკოჩამ ანგარიში გახსნა, ხოლო საბოლოო წერტილი სელესტინ ბაბაიარომ დასვა. რაც შეეხება ნახევარფინალს, ის არამხოლოდ ნიგერიელებისთვის, არამედ მთლიანად აფრიკული ფეხბურთისთვის დიდი მნიშვნელობის გახლდათ, რადგან 1990 წლის მუნდიალზე კამერუნის სენსაციური გამოსვლის შემდეგ, ამ კონტინენტის წარმომადგენლებს საფეხბურთო სამყაროსთვის კიდევ ერთი სიურპრიზის შეთავაზება სურდათ.
ნახევარფინალი ბრაზილიასთან და განსაკუთრებული საფრთხე ისევ და ისევ რონალდოსგან, თუმცა ბრაზილიელები არა მისი, არამედ ფლავიო კონსეისაოს გოლით დაწინაურდნენ, რომელმაც პირველივე წამებზე გაიტანა. მოვლენათა ასეთი განვითარების ფონზე, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ „არწივები“ გამანადგურებელი სხვაობით დამარცხდებოდნენ, თუმცა ფარ-ხმალი არ დაყარეს და იმ დროისთვის ძალიან ახალგაზრდა რობერტო კარლოსის ავტოგოლით წონასწორობა აღადგინეს. ამის შემდეგ ბებეტომ მიითვალა გოლი, ხოლო კონსეისაომ დუბლი შეასრულა, რითაც თითქოს გამარჯვებულის შესახებ ყოველგვარი კითხვის ნიშნები მოიხსნა. თუმცა, ასე არ ფიქრობდნენ ნიგერიელები - ჯერ ვიქტორ იკპებამ, ავტობუსის მძღოლობასთან ერთად მოედანზე კარგი გამოსვლითაც გამოიჩინა თავი, მოგვიანებით კი ნვანკო კანუმ ჯერ გაათანაბრა, ხოლო დამატებით დროში ოქროს გოლი გაიტანა.
ოქროს მედლებისთვის შეხვედრაში ნიგერიელები არგენტინელებს შეხვდნენ და მართალია მათი გზები მანამდეც და ამის შემდეგაც რამდენიმე მსოფლიოს ჩემპიონატზე გადაიკვეთა, თუმცა ისეთი შოუ, როგორიც გულშემატკივარმა ამ მატჩში იხილა, არც ერთ მუნდიალზე არ უნახავს. აფრიკელები ისევ მდევრის როლში აღმოჩნდნენ, თუმცა კლაუდიო ლოპესის გოლი სელესტინ ბაბაიარომ გაქვითა. მალე ალბისელესტე საკმაოდ საეჭვო ვითარებაში დანიშნული 11-მეტრიანით ერნან კრესპომ დააწინაურა, რის შემდეგაც საქმეში „არწივების“ სათადარიგო მოთამაშეები ჩაერთნენ და მთავარმა მწვრთნელმა მოედანზე უილსონ ორუმა და ემანუელ ამუნიკე შეიყვანა. მსაჯის საფინალო სასტვენამდე 16 წუთით ადრე, დანიელ ამოკაჩიმ წონასწორობა აღადგინა, რის შემდეგაც არგენტინელებს დაღლა დაეტყოთ და გამარჯვების ბურთი სწორედ ცვლილებაზე შესულმა ამუნიკემ გაიტანა. თამაშის დამთავრების შემდეგ ნვანკო კანუმ თქვა: „არგენტინას კარგი გუნდი ჰყავდა, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ, რადგან ოქროს ნაკრები გვყავს“.
ნიგერიის ნაკრებზე საუბარს ჯეი-ჯეი ოკოჩას ფრაზით დავასრულებთ: „ფეხბურთი ერთადერთი საშუალებაა, რასაც ჩვენი ქვეყნის გაერთიანება შეუძლია. აქედან გამომდინარე, ალბათ ჩემი თანამემამულეებისთვის ეს ყველაზე ბედნიერი დღეა“.