დილამ სხვაობა 4 ქულამდე გაზარდა - იბერია დერბიში დამარცხდა
Aa
Aa

დილამ სხვაობა 4 ქულამდე გაზარდა - იბერია დერბიში დამარცხდა

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XXV ტური დღეს სამი საინტერესო შეხვედრით დაიწყო, რომელთა შედეგებმაც სატურნირო ცხრილში სერიოზული ცვლილებები შეიტანა და საჩემპიონო ბრძოლაში „დილას“ უპირატესობა გაზარდა. გორელებმა წყალტუბოში ადგილობრივი „სამგურალი“ 2:1 დაამარცხეს და მორიგი გამარჯვება მოიპოვეს. ქართლელები პირველივე წუთზე ბურკინა ფასოელმა ლეგიონერმა არუნა უატარამ დააწინაურა, რასაც მასპინძლებმა მალევე უპასუხეს - გიორგი ფანცულაიამ თავისივე მოპოვებული პენალტი გოლად აქცია. დაძაბულ შეხვედრაში თითქოს გუნდებს ქულები უნდა გაეყოთ, მაგრამ „დილამ“ „სამგურალი“ კონტრშეტევაში დაიჭირა და განელმა სირილ ედუძიმ უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მომტანი გოლი გაიტანა.

ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გორის კლუბის მთავარი კონკურენტი „იბერია“ დედაქალაქის დერბიში სტუმრად „დინამოსთან“ 1:2 დამარცხდა და „დილას“ უკვე 4 ქულით ჩამორჩა. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები მე-5 წუთისთვის გურამ გოშთელიანის გოლით იგებდნენ, თუმცა „ექს-იბერიელმა“ გიორგი ხარაიშვილმა ჯერ 23-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, ხოლო მეორე ტაიმში ცვლილებაზე შვიდი წუთის შემოსული ირაკლი სირაძე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, ეს უკანასკნელი კი ისე გაისარჯა, როგორც უმაღლესი კლასის ფორვარდს შეეფერება და გამარჯვების მომტანი ბურთი გაიტანა.

უკანასკნელი ოთხი ტურიდან „დინამო ბათუმს“ ფეხბურთელი მესამედ გაუძევეს და შედეგიც შესაბამისი დადგა. ზღვისპირელებმა საკუთარ სტადიონზე „თელავს“ უმასპინძლეს და 1:3 დამარცხდნენ. კახეთის გუნდის რიგებში დუბლი ესპანელი ინიგო მარტინის ანგარიშზეა, ერთი ბურთი კი ანდრია დევდარიანმა გაიტანა. რაც შეეხება „დინამო ბათუმს“, პრესტიჟის გოლით მასპინძლებს 11-მეტრიანის ნიშნულიდან უერდი მარა დაეხმარა.

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XXV ტური ხვალ, „კოლხეთი“ – „ტორპედოს“ (17:00) და „გარეჯი“ – „გაგრას“ (20:00) მატჩებით დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წასვლა სურდა, მაგრამ ხმაური არ აუტეხავს | თანაგუნდელი დავითაშვილზე
წასვლა სურდა, მაგრამ ხმაური არ აუტეხავს | თანაგუნდელი დავითაშვილზე