„ეს წარმატება ერთ დღეში არ მოსულა“ - ფაჩულია ნაკრებით ამაყობს
დღეს თბილისში ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის რიგით მეოთხე ფილიალი გაიხსნა. წერეთლის, დიღმისა და ვარკეთილის შემდეგ, აკადემია კრწანისის ქუჩაზე მდებარე GEO SKY School-ის დარბაზში იფუნქციონირებს, სადაც 100-მდე ბავშვს ვეტერანი კალათბურთელი და ნაკრების ყოფილი წევრი დავით მუშკუდიანი გაწვრთნის. აკადემიის ახალი ფილიალის გახსნას ქართული კალათბურთის ლეგენდა ზაზა ფაჩულია დაესწრო, რომელმაც კომენტარი საქართველოს ნაკრების ევრობასკეტზე გამოსვლაზე გააკეთა.
ზაზა ფაჩულია
ვამაყობ ამ ბიჭებით, მათი შრომითა და თავგანწირვით აღფრთოვანებული ვარ. მოზარდ თაობას ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება არამხოლოდ უნდა ურჩიო, არამედ მაგალითი მისცე, ჩვენი ნაკრების წევრებმა კი ახლახანს დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე სწორედ ეს გააკეთეს.
უკანასკნელი წლების განმავლობაში წარმატებებით საფეხბურთო ნაკრები გამოირჩეოდა, თუმცა ბოლო სიტყვა მაინც საკალათბურთო ნაკრებმა თქვა. ბუნებრივია სპორტის ყველა სახეობის წარმატება გვახარებს და მათი განცალკევებაც არ არის მიზანშეწონილი. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წარმატება ერთ დღეში არ მოსულა - ჯერ იყო B დივიზიონიდან A-ში გადასვლა, შემდეგ პირველად ევროპის ჩემპიონატზე და ახლა პირველად მეოთხედფინალში.
იმედია ეს პროგრესი გაგრძელდება და სხვანაირად არც შეიძლება იყოს. ერთი რამ ფაქტია - ვეტერანებმა, რომლებიც ნაკრებში ბოლო მატჩებს ატარებენ, შეუძლიათ იამაყონ, რადგან სპორტის ამ სახეობას ჩვენ ქვეყანაში კიდევ უფრო განვითარებულს და სხვა სიმაღლეეებზე ტოვებენ.
ცნობისათვის, 2025 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ეროვნულმა გუნდმა საუკეთესო შედეგი აჩვენა და მერვე ადგილზე პირველად გავიდა. ალექსანდარ ჯიკიჩის შეგირდებმა სამი მატჩი მოიგეს, აქედან ორ შემთხვევაში კი ევროპის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი, ესპანეთისა და საფრანგეთის გუნდები დაამარცხეს.