ავტობუსებითაც დასცინიან | „ერთადერთი 3-4-3, რომელიც მანჩესტერში მუშაობს“
რუბენ ამორიმის „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სეზონი საშინლად დაიწყო. პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდმა 4 ტურში 4 ქულა აიღო და ამაზე ცუდი სტარტი 33 წელიწადია, „წითელ ეშმაკებს“ არ ჰქონიათ, რასაც „კარაბაოს თასზე“, „გრიმსბისთან“ განცდილი ფიასკო დაემატა.
ამორიმს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს და რუბენს სათამაშო სქემასაც უწუნებენ. პორტუგალიელი სპეციალისტი 3-4-3 ტაქტიკას იყენებს და ექსპერტთა და გულშემატკივრების ნაწილი მოუწოდებს, რომ 4-მცველიან სათამაშო სქემაზე გადავიდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, მანჩესტერში სასაცილო ბანერი გამოჩნდა.
ინგლისურ ქალაქში მოძრავი ერთ-ერთი ავტობუსი, ასეთი წარწერით გადაადგილდება: ერთადერთი 343, რომელიც მანჩესტერში მუშაობს.“ კამპანიის მთავარი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ავტობუსის 343 ნომერია, რომელიც ოლდჰემიდან ჰაიდის მიმართულებით მოძრაობს.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მე-14 პოზიციას იკავებს და მომდევნო შეხვედრა 20 სექტემბერს, „ჩელსის“ წინააღმდეგ ელის.