მესი თურქეთში? | გალათასარაი არგენტინელის იჯარაზე ფიქრობს
„გალათასარაი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება და ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს - თურქული მედიის ინფორმაციით, „გალას“ ლიონელ მესის იჯარით დამატება სურს.
MLS-ში რეგულარული სეზონი ოქტომბერში დასრულდა, პლეიოფები კი დეკემბრის დასაწყისამდე გაგრძელდება. თუ „ინტერ მაიამი“ ფინალამდე მივა, არგენტინელი ფეხბურთელი წლის ბოლო კალენდარულ მატჩს 6 დეკემბერს გამართავს. ამის შემდეგ „ინტერ მაიამი“ მოედანს მხოლოდ 2026 წლის მარტში დაუბრუნდება.
გავლენიანი თურქული გამოცემა FotoMac-ის ინფორმაციით, სწორედ ამ ოთხთვიანი პაუზის გამოყენებას გეგმავენ სტამბოლური კლუბის მესვეურები. ზაფხულში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის გათვალისწინებით მესიმ შესაძლოა სათამაშო კონდიციების შენარჩუნების მიზნით რომელიმე ევროპულ კლუბს იჯარით შეუერთდეს.
ასეთი რამ წარსულში MLS-ში გადაბარგებული რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელის შემთხვევაში მომხდარა. ასე, დევიდ ბექჰემი იჯარით „მილანში“ გადავიდა, ტიერი ანრი - „არსენალში“, რობი კინი - „ასტონ ვილაში“, ლენდონ დონოვანი კი „ბაიერნში“ და „ევერტონში“.
სურს თუ არა არგენტინელ ფეხბურთელს ზამთარში ევროპაში დაბრუნება და როგორი იქნება „ინტერ მაიამის“ პოზიცია მის შესაძლო იჯარასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია.