Marca: მუდრიკს 2028 წლის ოლიმპიადაზე სპრინტში გამოსვლა სურს
„ჩელსის“ უკრაინელი შემტევი მიხაილო მუდრიკი 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებში მძლეოსნობაში მონაწილეობას გეგმავს. ამის შესახებ ესპანური Marca წერს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მუდრიკი უკრაინის მძლეოსანთა ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს, სადაც მას ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონები ამზადებენ.
როგორც Marca წერს, „ჩელსის“ შემტევის მიზანია, თავისი ქვეყანა ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე სპრინტში წარადგინოს.
„ოლიმპიადის ლიცენზიის აღება მარტივი არ იქნება. მუდრიკმა უნდა შეასრულოს World Athletics-ის მინიმალური მოთხოვნები და 2027 წელს უკრაინული შიდა შესარჩევი ეტაპი გაიაროს“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ მუდრიკი დოპინგის გამოყენებაშია ეჭვმიტანილი - ბოლოს უკრაინელმა გასული წლის ნოემბერში ითამაშა. მისი ტრანსფერი დონეცკის „შახტარიდან“ „არისტოკრატებს“ 70 მილიონი ევრო დაუჯდათ.
როგორც გასული წლის დეკემბერში „ჩელსის“ ოფიციალური განცხადებიდან გახდა ცნობილი, მუდრიკის დოპინგტესტმა დადებითი შედეგი უკრაინის ნაკრების ნოემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ აჩვენა. 16 ნოემბერს უკრაინის ნაკრები საქართველოს დაუზავდა (1:1 - კვერკველიამ ბურთი საკუთარ კარში სწორედ მუდრიკის ჩაწოდების შემდეგ ჩაჭრა), 19 ნოემბერს კი სტუმრად ალბანეთს მოუგო (2:1). მუდრიკის ორგანიზმში მელდონიუმი აღმოაჩინეს, ფეხბურთელმა კი განაცხადა, რომ აკრძალული ნივთიერებები არასოდეს მიუღია.