„რამდენჯერმე ბურთი ფეხებს შორის გამიძვრინა“ | ექს-თანაგუნდელი ხვიჩაზე
ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა, ილია როჟკოვმა, რომელიც „რუბინის“ ღირსებას იცავდა, ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. როჟკოვმა „კვარასთან“ გამართული ვარჯიშები გაიხსენა და მის ტექნიკურობას გაუსვა ხაზი.
„ხვიჩასთან რუბინში გადავიკვეთე. მაშინ 16 წლის ვიყავი, უნგრეთიდან ახალი ჩამოფრენილი გახლდით და რუბინის ძირითად გუნდთან ერთად სავარჯიშოდ ამიყვანეს, შემდეგ კი ახალგაზრდულ გუნდშიც ვითამაშე. კვარასთან სწორედ ამ დროს ვივარჯიშე.
იმ პერიოდში, რუბინში ყველა ტოპ ფეხბურთელი ასპარეზობდა და კვარაცხელიაც მათ შორის იყო. ვარჯიშებისას ბურთი ფეხებს შორის რამდენჯერმე გამიძვრინა. მაშინდელი და დღევანდელი ხვიჩა რომ შევადაროთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია.“
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია „რუბინში“ 2019-22 წლებში თამაშობდა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ „დინამო ბათუმში“ დაბრუნდა. აჭარული კლუბიდან „კვარა“ „ნაპოლიში“ გადავიდა, საიდანაც „პარი სენ-ჟერმენს“ მიაშურა.