იტალიური მედია: გოგლიჩიძე მილანთან სასტარტოში იქნება
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, „უდინეზეს’’ მთავარი მწვრთნელი კოსტა რუნიაიჩი „მილანთან’’ მატჩში სასტარტო 11-ეულში საბა გოგლიჩიძეს ათამაშებს.
მე-3 ტურში „უდინეზემ’’ გასვლაზე „პიზას’’ იკერ ბრავოს ერთადერთი გოლით მოუგო. რუნიაიჩი „როსონერისთან’’ თითქმის იდენტური შემადგენლობით ითამაშებს, მხოლოდ ერთი ცვლილება იქნება, ბერტოლას გოგლიჩიძე შეცვლის.
22 წლის ნიკოლო ბერტოლა, რომელსაც იტალიის 19 და 21-წლამდე ნაკრებებში უთამაშია, კარგად შეეწყო ახალ გუნდს, სერია A-ს საწყის სამ ტურში სასტარტოდან დაიწყო, თუმცა „პიზასთან’’ დაშავდა და 75-ე წუთზე საბა გოგლიჩიძემ შეცვალა. როგორც Corriere dello Sport-ი წერს, ბერტოლას ქართველი შეცვლის, თუმცა საბა მისი პირდაპირი შემცვლელი არაა, სამ ცენტრალურ მცველს შორის საბა მარჯვნიდან თამაშობს, ბერტოლა - მარცხნიდან.