მომდევნო ტურში ითამაშებს | ზურიკო ვარჯიშს ამ კვირაში განაახლებს
საფრანგეთის ლიგა 2-ის მეხუთე ტურში „სენტ-ეტიენმა“ „კლერმონი“ დაამარცხა. „მწვანეებმა“ სტუმრად ითამაშეს და 0:1-ს აგებდნენ, თუმცა მატჩი შემოატრიალეს და სამი ქულა ზურიკო დავითაშვილის გარეშე აიღეს - 2:1.
ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ბარძაყის კუნთის მცირე ტრავმის გამო გამოტოვა. ფრანგული პრესის ინფორმაციით, დავითაშვილი თავს უკეთ გრძნობს და გუნდს მომდევნო დღეებში შეუერთდება. But! ASSE-ს მიხედვით, ზურიკო გუნდურ ვარჯიშს ამ კვირაში განაახლებს და „რეიმსთან“ მატჩის განაცხადში იქნება.
„სენტ-ეტიენი“ ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის ლიდერია. „მწვანეებს“ 5 ტურის შემდეგ 11 ქულა აქვთ და დაუმარცხებლად მიდიან. „სენტ-ეტიენის“ მომდევნო თამაშს 20 სექტემბერს ვიხილავთ. დავითაშვილის გუნდი ზემოთ ხსენებულ „რეიმსს“ საკუთარ კედლებში მიიღებს და შეხვედრა თბილისის დროით, 22:00-ზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და „სენტ-ეტიენის“ რიგებში გამართულ ოთხ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა. დავითაშვილმა საქართველოს ნაკრებშიც გამოიჩინა თავი და თურქეთთან გოლი, ხოლო ბულგარეთთან საგოლე გადაცემა მიითვალა.