„კიდევ რამდენი დრო უნდა მისცენ“ - კინი ამორიმის გაშვებას ითხოვს
ახალი საფეხბურთო სეზონი დაიწყო, თუმცა თითქოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ რეალურად არაფერი შეცვლილა. ოთხ ტურში დაგროვებული 4 ქულით „ალისფერი ეშმაკები“ ისევ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში არიან და თუ სასწრაფოდ რაიმე არ შეიცვალა, უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდებათ. შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა აზრი კლუბის ლეგენდას როი კინს ჰკითხა, რომელიც თუ აქამდე მთავარი მწვრთნელის კრიტიკისგან თავს მაქსიმალურად იკავებდა, ამჯერად რუბენ ამორიმის გაშვება საჯაროდ მოითხოვა.
როი კინი
წინა სეზონში „მანიუს“ ხელმძღვანელები გვეუბნებოდნენ, რომ ახალ მწვრთნელს შედეგების ჩვენებისთვის სრულფასოვანი წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი და ახალი ფეხბურთელები ჭირდებოდა. რას აკეთებს ამორიმი ახლა? თავის მართლების რეჟიმშია და ვერ ხვდება, რომ უკვე საგანგაშო ზღვარს მიუახლოვდა.
არნე სლოტიც ახალი დანიშნული იყო და პირველივე სეზონში „ლივერპულს“ პრემიერლიგა მოაგებინა. ყველა კარგად ხედავს რამდენად ეტყობა „ტოტენჰემს“ ტომას ფრანკის ხელი და ჩვენ როდემდე უნდა მივცეთ დრო რუბენს იმისთვის, რომ თავისი სამწვრთნელო შესაძლებლობები გამოავლინოს?!
ცნობისათვის, „იუნაიტედის“ გულშემატკივრების განსაკუთრებული უკმაყოფილება მანჩესტერის დერბიში განცდილმა მარცხმა გამოიწვია, სადაც „სიტიმ“ თანაქალაქელს 3:0 აჯობა.