ამორიმის საშინელი სტატისტიკა | მანჩესტერ იუნაიტედი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს
პრემიერ ლიგის მეოთხე ტურში მანჩესტერული დერბი ვიხილეთ. „მანჩესტერ სიტიმ“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ შანსი არ დაუტოვა და 3:0 იმარჯვა. „ქალაქელებთან“ წაგების შემდეგ „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივრები რუბენ ამორიმის გაშვებაზე ალაპარაკდნენ, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა ცვლილებებს ეწინააღმდეგება.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცის პოსტზე ჩატარებული მატჩების 36.17 პროცენტი მოიგო, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. გარდა ამისა, „წითელ ეშმაკებს“ პრემიერ ლიგაში ამაზე ცუდი სტარტი 1992/93 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონიათ.
Manchester Evening News-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა ამორიმის გაშვებას არ აპირებს. ისინი პორტუგალიელ სპეციალისტს მხარს უჭერენ და სჯერათ, რომ მას ვითარების გამოსწორება შეუძლია. ბრიტანული გამოცემა დასძენს, რომ ამორიმის გარემოცვის წარმომადგენლებს „დაუჯერებლად“ მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ რუბენი რისკის ქვეშ არ იმყოფება.
ცნობისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 4 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციას იკავებს. „წითელი ეშმაკები“ მომდევნო შეხვედრას 20 სექტემბერს, „ჩელსის“ წინააღმდეგ გამართავენ.