ჯონათან ტა
Aa Aa

ჯონათან ტას გამოსამშვიდობებელი წერილი ლევერკუზენს

იშვიათად გეძლევა მეორე შანსი დამშვიდობებისთვის.

ვფიქრობ, ფეხბურთში ერთ-ერთი იღბლიანი მე ვარ, რადგან ახლა ასეთი შანსი მომეცა.

იცით, დამშვიდობება შარშან ზაფხულში უნდა ყოფილიყო. მე მიუნხენის „ბაიერნს“ კი ვუთხარი და ყველაფერი 90%-ით იყო შესრულებული. ბარგი ფაქტობრივად ჩალაგებული მქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საფეხბურთო ბიზნესში 90% არაფერს ნიშნავს.

გუნდთან ერთად, სეზონის წინა შეკრებაზე წავედი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, შეიძლებოდა ნებისმიერ მომენტში დაერეკათ, მინდოდა ჩემს ძმებთან ვყოფილიყავი - ზოგიერთ მათგანს თითქმის 10 წელია ვიცნობ.

ამ გაურკვევლობის დროს, მე ნამდვილად მჭირდებოდა რუტინის შეგრძნება. ბიჭებთან უბრალოდ სიცილის შესაძლებლობაც კი ძალიან დამეხმარა.

ერთხელაც, როდესაც გარიგება შემდგარი ჩანდა, ჩაბისგან შეტყობინება მივიღე:

„ჯონა, მოდი, ვილაპარაკოთ“.

ჩვენ შეხვედრების ოთახში შევედით. ჩაბის განსაკუთრებული აურა აქვს. რთულია იმის თქმა, ეს რა არის, მაგრამ განსაკუთრებულობა იმაშია, როგორ გელაპარაკება და გიყურებს თვალებში. ასეთი გულწრფელობა ფეხბურთში შეიძლება იშვიათობაა.

თქვენ იცით, რა გააკეთა მან, როგორც მოთამაშემ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, როგორ გექცევა, როგორც ადამიანს - ეს აბსოლუტურ პატივისცემას იწვევს.

ჩვენ ძალიან ღრმა საუბარი გვქონდა. არ მინდა დეტალურად მოვყვე, რა მითხრა ჩაბიმ, მაგრამ მე „ლევერკუზენში“ 9 წელი გავატარე და მან ზუსტად იცოდა, რამდენად ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეს კლუბი.

ჩაბიმ დაიწყო ლაპარაკი თვისებებზე, რომელიც მე შემაქვს გუნდში და გავლენაზე, რომელსაც ჩემს თანაგუნდელებზე ვახდენ და გამიჩნდა შეგრძნება, რომ ის ნამდვილად ხედავს ჩემში ვიღაც განსაკუთრებულს.

ის არ მელაპარაკებოდა როგორც ლეგენდას. ის უბრალოდ მელაპარაკებოდა, როგორც ადამიანს.

ბოლოს მითხრა: „დაივიწყე ეს ყველაფერი: ტრანსფერთან დაკავშირებული ამბები, ყველა საუბარი შენს კონტრაქტზე. შენ ახლა აქ ხარ და სანამ აქ იქნები, მხარს დაგიჭერ“.

ჯონათან ტა და ჩაბი ალონსო

ძალიან ემოციური იყო ამის გაგება მისგან.

მას შეეძლო ჩემი იგნორირება, სათადარიგოზე დატოვება, უცხოსავით მომქცეოდა, მაგრამ არა - ის ხომ ჩაბია. ის ოჯახის წევრივით მექცეოდა.

სახლში რომ დავბრუნდი, ეს ყველაფერი ჩემს ცოლს მოვუყევი და ის ატირდა.

ჩემმა ცოლმა მითხრა: „ჯონა, დაივიწყე ფეხბურთი. ეს უფრო მეტია, ვიდრე სამსახური. ნახე, აქ რამდენი მეგობარი შეიძინე. ნახე, აქ რა ლამაზია“.

არა მგონია, ადამიანები ხვდებოდნენ, რამდენად უჩვეულო შეგრძნებაა, როდესაც სხვაგან გადასვლას აპირებ. ეს არ ჰგავს FIFA-ს PlayStation-ზე. შენ ზიხარ სახლში, დივანზე, ცდილობ გაიგო, რა ხდება და ადამიანები გწერენ ასეთ რაღაცებს: „ჰეი, ჯონა, ამ კლუბში უნდა გადახვიდე, ძმაო“.

მე კი ასე ვპასუხობ: „მართლა? და შენ მენეჯერი ხარ? რადგან მათ ჩემთვის არც დაურეკავთ“.

მაშინაც კი, როდესაც დიდი კლუბი რეკავს, ფიქრობ, კარგია, მაგრამ ვჭირდები კი მათ? ლიდერი ვიქნები თუ სათადარიგო მოთამაშე? ეს კითხვები ირევა გონებაში, მაგრამ საბოლოოდ, მოგიწევს სარკეში ჩაიხედო და საკუთარ თავს ჰკითხო, რა გინდა სინამდვილეში.

მე მინდა წავიდე იქ, სადაც შევძლებ ჯონას საუკეთესო ვერსია გავხდე და ჩემთვის ასეთი ადგილია „ბაიერნი“.

მე სხვა შემოთავაზებებიც მქონდა და სიმართლე გითხრათ, ძალიან კარგები. მომწონს საზღვარგარეთ გადასვლის იდეა, ახალი ენის, კულტურის შესწავლა. თუმცა ჩემთვის ყოველთვის ყველაფერი პიროვნულ ზრდამდე, ხალხამდე და კულტურამდე მიდის.

მე ვუერთდები მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, რომელსაც ძალიან განსაკუთრებული მწვრთნელი ჰყავს.

ვენსან კომპანი და ჯონათან ტა

ვენსან კომპანზე დაკვირვება მას შემდეგ დავიწყე, როდესაც „ჰამბურგში“ ვთამაშობდი. მე ბავშვი ვიყავი, რომელიც ადგილობრივ გუნდში თამაშზე ოცნებობდა.

ცხადი იყო, რომ ვენსანი აპირებდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი გამხდარიყო და მე მაშინ მისით აღფრთოვანებული ვიყავი.

ახლა, როდესაც ის თავისი თაობის ერთ-ერთი ლიდერი გახდა, კიდევ უფრო აღფრთოვანებული ვარ მისით. ჩვენ ორივეს აფრიკელი მამები გვყავს, დედები კი - ევროპელები. ჩემთვის ეს ყოველთვის განსაკუთრებული კავშირი იყო.

როდესაც ვენსანს ელაპარაკები, გრძნობ მის ემოციას, იდეებსა და ფასეულობებს. როგორც ჩაბი, ისიც პირველ რიგში შენში ხედავს ადამიანს და შემდეგ უკვე პროფესიონალს. ის მელაპარაკა, როგორ მოვერგები გუნდს და როგორ შეუძლია დამეხმაროს, გავხდე უკეთესი ცენტრალური მცველი.

ეს იყო ზუსტად ის, რისი გაგებაც მსურდა. მომეწონა მასთან თამაშის იდეა.

ბოლოს და ბოლოს, შევძელი მიმეღო ის, რაც მსურდა აქ, გერმანიაში.

მაგრამ სანამ ამ ახალ თავს დავიწყებ, მინდა როგორც საჭიროა, ისე დავემშვიდობო ადგილს, რომელიც ჩემთვის ასე განსაკუთრებულია და ეს არის ადგილი, რომელიც, სიმართლე გითხრათ, სათანადოდ დაფასებული არ არის საფეხბურთო სამყაროში.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, „ლევერკუზენი“ ჩემთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე სახლი. ადგილი, სადაც შემეძლო სწავლა და გაზრდა. აქ იმდენი ადამიანია, რომლებმაც ბევრი რამ მასწავლეს. ისეთმა ახალგაზრდა მოთამაშემაც კი, როგორიც ფლორიან ვირცია... რა შეიძლება ისწავლოს ცენტრალურმა მცველმა ფლოსგან? არავის შეუძლია იმის გაკეთება, რასაც ის აკეთებს ბურთით.

მაგრამ მე მახსოვს პირველი კვირა, როდესაც ფლორიანი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. ის 17 წლის იყო. შემთხვევით ვიდეო შემხვდა, რომელიც Adidas-მა გადაიღო. მათ ფლორიანს ჰკითხეს, რისი მიღწევა სურდა, რაზეც უპასუხა: „მინდა ოქროს ბურთი მოვიგო“.

ბევრი ფეხბურთელი ამბობს ასე, არა? მაგრამ ფლორიანს ეტყობოდა, რომ მართლა ამას გულისხმობდა. მის თვალებში სიმტკიცე იგრძნობოდა, არაფრის არ ეშინოდა.

ფლორიანს შეუძლია მსოფლიოში ყველა ფული გამოიმუშაოს, მაგრამ ის არ შეიცვლება. მას ქუჩის ფეხბურთელის მენტალიტეტი აქვს.

მისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ თამაში, გესმით? და სხვა არაფერი.

ვფიქრობ, ეს საუკეთესო გაკვეთილია ყველა ფეხბურთელისთვის.

შემდეგ მოდიან აფრიკელი ბიჭები. სასაცილოა, რადგან როდესაც ბონიფეისი და ტაპსობა აქ მოვიდნენ, ჩვენ გავიფიქრეთ: „რატომ არიან ისინი ასეთი მშვიდები?“.

მამაჩემი კოტ დივუარიდანაა, მაგრამ მე გერმანულ კულტურაზე გავიზარდე და როგორც ჩანს, მათთვის სულ ერთია, რა ხდება მოედანზე. მე ტაპსობას ვკითხე კიდეც: „რატომ არასდროს არ ნერვიულობ?“

მან კი მიპასუხა: „ძმაო, იცი, აფრიკაში რომ ვიყავი, ბუცებისა და მაისურის გარეშე, მიწაზე, ტალახში ვთამაშობდი, კარების ნაცვლად კი ხის ტოტებს ვიყენებდით. ბუნდესლიგა? ეს მარტივია“.

ის და ბონიფეისი ყოველთვის იცინოდნენ, მიყვებოდნენ, როგორ იზრდებოდნენ, შხაპს როგორ იღებდნენ სათლიდან. მათ ზოგჯერ ისეთი დღეებიც ჰქონდათ, არ იცოდნენ, ეყოფათ თუ არა საჭმელი საუზმეზე მომდევნო დილას. ამიტომაც ისინი 3 საათით გვიან იღვიძებდნენ, სადილისთვის.

ვიქტორ ბონიფეისი და ჯონათან ტა

ვფიქრობ, სწორედ ამან გახადა „ლევერკუზენი“ ასეთი არაჩვეულებრივი გამოცდილების მიღების ადგილად - აქ სხვადასხვა კულტურის, წარსულის და ენერგეტიკის ხალხი შეიკრიბა, რომლებიც უბრალოდ ერთად შეიკრიბნენ და თამაშობდნენ, როგორც სიმფონია.

ყველა ადამიანმა რაღაც მისცა გუნდს. რომ მთხოვოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის დასახელება, ჩვენს მესამე მეკარეს - ნიკლას ლომბს დავასახელებდი.

ის აქ უკვე 17 წელია არის და მან იცის, რომ სეზონზე ბევრ თამაშს ვერ ჩაატარებს, მაგრამ ყოველ დღე ისე ვარჯიშობს, თითქოს ხვალ ჩემპიონთა ლიგის ფინალში უნდა ითამაშოს.

ის ისეთი კონცენტრირებულია, ყოველთვის ყველას უბიძგებს. როგორც მცველი, ხშირად გაიგებდი, როგორ ყვიროდა, რომ ფეხები სწორად შეგეტყუპებინა.

ხანდახან მისი ხმა სიზმარშიც მესმის. (დაგუგლეთ მისი ფოტო, თუ არ იცით, როგორ გამოიყურება. როდესაც ეს ბიჭი გიყვირის, აკეთებ იმას, რასაც ის ამბობს“).

ჯონათან ტა თანაგუნდელებთან ერთად

დარწმუნებულიც არ ვარ, რომ ნიკლასმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენი მენტალიტეტისთვის. ჩვენ ადრე გვიჭირდა პატარა გუნდებთან თამაში, მაგრამ გასულ სეზონზე ყველა მეტოქის განადგურება გვინდოდა. თუ თასზე მესამე დივიზიონის გუნდს ვეთამაშებოდით, ამას ისე ვუდგებოდით, როგორც ბრძოლას 80 000 ადამიანის წინაშე - ასეთია ნიკლას ლომბის მენტალიტეტი.

არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი ვარჯიში. ჩვენ ერთი ერთზე ვარჯიში გვქონდა და მე ჰონგ-მინ სონთან მოვხვდი.

ჩვენ სეზონის წინა შეკრებაზე ვიყავით ავსტრიაში და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემთვის, რადგან 19 წლის ვიყავი, რომელიც „ჰამბურგიდან“ გამოვიდა და „ლევერკუზენმა“ ჩემში დაახლოებით 10 მილიონი ევრო გადაიხადა. ეს დიდი თანხა იყო მოზარდისთვის, განსაკუთრებით იმისთვის, ვინც იჯარით დიუსელდორფში, მეორე დივიზიონში თამაშობდა.

ძალიან მორცხვი ვიყავი. პირველ დღეს სასადილოში რომ მივედი, ეს პირველ დღეს ჰგავდა ახალ სკოლაში - ხელში გიჭირავს ლანგარი და დგახარ ნერვიულად, რადგან არ იცი, სად დაჯდე. ალბათ 15 წამი ვიდექი და მეგონა, რომ 15 წელი გავიდა.

ბოლო, როგორც იქნა, ვიღაცამ თავისუფალ ადგილზე მიმითითა. ალბათ 5 სიტყვა ვთქვი მთლიანობაში პირველ სადილზე.

ეს უცნაურია, რადგან როდესაც ახალი ხარ, გინდა, რომ ადამიანები გეუბნებოდნენ: „ჩვენ ისე გვიხარია, რომ აქ ხარ“, მაგრამ მალე იაზრებ, რომ ფეხბურთში ეს ასე არ მუშაობს. თუ შენ მათ მოჰყავხარ, გავიწყდება, რომ ყოველთვის სხვის ადგილს იკავებ.

მე ისიც კი მესმოდა ზოგიერთი უფროსისგან: „ეს ბიჭი არც ისე კარგად გამოიყურება... 10 მილიონი ევრო. ნუთუ მართლა ამდენი გადაიხადეს მასში?“.

ეს ხდებოდა ცოტა ხნით ადრე, სანამ ჰონგ-მინ სონი „ტოტენჰემში“ გადავიდოდა. ის საშიში იყო ბურთით.

ის მორბის ჩემკენ თავისი სწაფი ფეხებით. რუდი ფიოლერი და როჯერ შმიდტი გვიყურებენ, მთელი გუნდი გვიყურებს. სონი იწყებს დრიბლინგს, მე ფეხს ვახვედრებ და ბუმ, პირდაპირ ბურთზე, სუფთად, ლამაზად.

ბურთს ვართმევ, ვარტყამ და გოლი გამაქვს. მეორედაც, მესამედაც იგივე. არც ერთი ბრძოლა არ წამიგია. თავდასხმის დროსაც ისეთ მოძრაობებს ვაკეთებ, რაც ადრე არ გამომდიოდა. რამდენიმე წამით რონალდინიოსაც კი ვგავარ.

ახლა ისინი უკვე პატივს მცემენ და იციან, რატომ ვარ აქ.

ჯონათან ტა

რუდი და როჯერი დღემდე იხსენებენ ამ ვარჯიშს. დიახ, მე ვნერვიულობდი, მაგრამ არ მეშინოდა. საიდუმლო ჩემს განწყობაში იყო.

მე მზად ვიყავი.

მე მოვიპოვე პატივისცემა მოედანზე და მის ფარგლებს მიღმა. ჰაკან ჩალჰანოღლუს „ჰამბურგიდან“ ვიცნობდი. გავიცანი ჰონგ-მინ სონი. ქარიმ ბელარაბი ჩემი უფრო ძმა გახდა. გიჟი ბიჭი. მომწონდა აქაური მენტალიტეტი, რადგან არავინ ფიქრობდა: „ჩვენ გავაკეთეთ ეს, ჩვენ „ლევერკუზენში“ ვართ“.

ისინი ვერ იტანდნენ ჩვენს მეტსახელს - „ნევერკუზენს“.

მეც ვერ ვიტანდი.

სინამდვილეში, საქმე ისე კარგად მიმდიოდა, როდესაც სათადარიგოთა სკამზე მომიწია ჯდომა, შოკში ვიყავი. ეს ჩემი მეორე წელი იყო პეტერ ბოშთან და ამან ძალიან გამაკვირვა, რადგან, როდესაც ის მოვიდა, მე მისი დაცვის ბიჭი ვიყავი.

მოულოდნელად მან შეხვედრაზე მითხრა: „ჯონა, შენ ჩვენი მე-5 არჩევანი ხარ“.

ეს ასე ჟღერდა; ითამაშებ, თუ ეს ბიჭი მიიღებს ტრავმას... და ა.შ. ეს არც ისე სასიამოვნო გრძნობაა.

მაგრამ არ მიფიქრია: „ეს მწვრთნელი რა ცუდი ტიპია, არაფრის აზრზე არაა“. მე ვკონცენტრირდი იმაზე, რომ ვყოფილიყავი მზად იმ მომენტისთვის, როდესაც შანსი გამომიჩნდებოდა.

გადიხარ მოედანზე 2 წუთი? ჩადე საუკეთესო ამ 2 წუთში.

რაც უფრო ცოტას ვთამაშობდი, უფრო მეტს ვვარჯიშობდი, რადგან დაღლილი არ ვიყავი. ფსიქოლოგიურად ძალიან გავიზარდე. საკუთარი თავის სიბრალული თუ ზრდა - ეს შენი გადასაწყვეტია. საბოლოოდ, შეგიძლია საკუთარ თავს სარკეში შეხედო და მიხვდე, რომ ყველაფერი გააკეთე, რათა მოედანზე მოხვდე.

ჯონათან ტა

ვფიქრობ, ამან რაღაც შეცვალა პეტერ ბოშშიც, რადგან რომ დამეწყო წუწუნი, ის იფიქრებდა: „დიახ, მე მართალი ვიყავი მასთან დაკავშირებით“.

აი, რატომ გახდა ეს რამდენიმე თვე ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის „ლევერკუზენში“. ღმერთს ყოველთვის აქვს გეგმა.
მაშინაც კი, როდესაც ეცემი, ცუდი ამბებიც რაღაც მიზეზით ხდება. მახსოვს, 2022 წელს, ბოლოდან მეორე ადგილზე ვიყავით, რაც ძალიან ცუდი იყო.

მე დაველაპარაკე ჩვენს მწვრთნელს, ხერარდო სეოანეს. ორივემ დავსვით კითხვა: „რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ეს შევცალოთ?“. მან ჩემში ლიდერის პოტენციალი დაინახა და მიბიძგა, რომ ამ როლს შევჩვეოდი, რასაც ყოველთვის ვაფასებდი, მაგრამ იმ მომენტში უბრალოდ არ ვიცოდით, კიდევ რა უნდა გაგვეკეთებინა.

ყველაფერი ვცადეთ, აბსოლუტურად ყველაფერი. რამდენიმე შეხვედრა გვქონდა მხოლოდ მოთამაშეებთან. ვცდილობთ სერიოზულები ვყოფილიყავით. ვეცადეთ, ზეწოლა მოგვეხსნა და უფრო დავახლოებულიყავით, სადმე გავსულიყავით და რამდენიმე კათხა ლუდი დაგველია. მაინც არაფერი გამოვიდა.

ფეხბურთი ისეთი რთულია. ზოგჯერ ყველა ყველაფერს ცდილობს, მაქსიმალურს დებენ, მაგრამ არაფერი არ გამოდის.

ერთხელ სიმონ როლფესი გასახდელში შემოვიდა და თქვა: „ჩვენ ახალი მწვრთნელის მოყვანას ვაპირებთ“.

ზოგი ჩვენგანი ტიროდა, რადგან ხერარდო ეცოდებოდა. ვიცოდით, რომ პრობლემა მასში არ არის. მე მას დავურეკე და ვუთხარი: „ძალიან ვწუხვართ“.

მან მიპასუხა: „არ ინერვიულო. იმედი მაქვს, ყველაფერი გამოგივა“.

შემდეგ გავიგეთ ხმები ჩაბი ალონსოს შესახებ. ვიცოდით, რომ ის ჯერ ახალგაზრდა იყო, როგორც მწვრთნელი. როგორც კი ის მოვიდა, მაშინვე შევნიშნეთ, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია ჩვენთან თამაში. სერიოზულად ვამბობ, რომ შეგეძლოთ ის გუნდში დაგეყენებინათ და ის მზად იქნებოდა.

ერთხელ ვარჯიში გვქონდა, სადაც გრძელი პასები უნდა გაგვეკეთებინა. უცებ ჩაბიმ გამაჩერა: „ჯონა, ეგრე არა“.
სიმართლე გიხრათ, ვფიქრობდი, რომ საკმაოდ კარგია პასი გავაკეთე, მაგრამ მან მითხრა: „ბურთი უფრო მჭრელი უნდა იყოს“.

მე ვკითხე: „რას გულისხმობ?“.

ის შეეცადა აეხსნა, შემდეგ კი მითხრა: „მომეცი ბურთი“.

მან ბურთს ფეხი დაარტყა და ის ჩვენს ერთ-ერთ მცველთან მივიდა, რომელსაც შეყოვნება კი არ დასჭიდა, რომ ის გაეკონტროლებინა. ნებისმიერი ახალბედა შეძლებდა მის გატანას.

ჩაბი მოგვიბრუნდა: „აი, რას ვგულისხმობ მჭრელში“.

ხმაც კი სხვაა, როდესაც ის ბურთს ურტყამს. შებრუნებულიც რომ იყო, ხმით მიხვდები, რომ ჩაბიმ ისროლა.

მე მივუბრუნდი ჩემს თანაგუნდელებს და ვიკითხე: „ამას როგორ გავაკეთებ?“.

ყველას უბრალოდ გაეცინა. არც ერთ ჩვენგანს არ შეეძლო იმის გაკეთება, რასაც ჩაბი აკეთებდა.

ჩაბი ალონსო და ჯონათან ტა

არ მგონია, რომ ჩაბი ბოლომდე შეეჩვია მწვრთნელობას. გულის სიღრმეში, ის ჯერ კიდევ ფეხბურთელია. ჩვენ პასებში ვვარჯიშობდით. ის ჩვენს გვერდით იყო და ისეთ მოძრაობებს აკეთებდა, თითქოს ვარჯიშის ნაწილი იყო.

როცა ხედავ, რომ შეგიძლია ის გააბედნიერო, შენც ბედნიერი ხარ. მისი ემოცია უბრალოდ გიჟურია.

მე ბევრი რამისთვის ვარ ჩაბის მადლიერი, რადგან მან მაიძულა, რომ თავი მნიშვნელოვნად მეგრძნო. ერთხელ მან დამიძახა. ამ დროს არასდროს იცი, რას ფიქრობს ახალი მწვრთნელი. შეიძლება მან სათადარიგოზე დაგსვას, მაგრამ ჩაბიმ მითხრა: „მე აქ ახალი ვარ და შენ, როგორც ლიდერი გასახდელში, მჭირდები. მინდა, ბიჭებს მოტივაცია მისცე და ის გადასცე, რაც გუნდისგან მინდა“.

ერთ-ერთი პირველი, რაც მან გვითხრა, იყო, რომ გვემუშავა ჩაწოდებების დაცვაზე.

შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა: „ჯონა, შენ მთავარი ბიჭი ხარ“.

მეორე საკითხი იყო პოზიციონირება: როგორ გაგვეხსნა სხეული, რათა სწრაფად გაგვეკონტროლებინა და გადაგვეცა ბურთი. ბურთამდე სწორი მანძილი.

Abre la cadera- მუდმივად ამბობდა ჩაბი - „გახსენით თეძო“.

გადაეცით ბურთი ფლორიანს.

ეს ყოველთვის მიზანი იყო - ფლორიანის პოვნა.

„კარგი, ახლა გავაკეთოთ შორი პასი ზემოდან“.

ეს მომწონდა ჩაბიში. ყოველთვის ვეკითხებოდი: „კიდევ რა შემიძლია უკეთესად გავაკეთო?“ და ის ბევრს მეხმარებოდა პატარა დეტალებში, რომელიც ცალკე შეიძლება არაფერია, მაგრამ მთლიანობაში, ბევრს ცვლის.

როდესაც ტიტული მოვიგეთ, მახსენდება ერთი მომენტი, როდესაც მსაჯის სასტვენის ხმა გაისმა და ყველა მოედანზე შემოვარდა, მე მაისური სახეზე ავიფარე და 10-15 წამი ყველა ხმაური გაქრა.

ჯონათან ტა ტიტულის მოგებას ზეიმოს

ეს ჰგავდა ფილმის ისეთ სცენას, როდესაც კადრი შენელებულია და შეგიძლია იფიქრო. არაფერი გესმის და არაფერს არ გრძნობ - მთელმა სეზონმა თვალწინ გამიარა. ჩემი ფიქრები უფრო შორსაც წავიდა. გამახსენდა, როგორ ვიყავი 6 წლის ჰამბურგში და დედამ მთხოვა, შემეძლო თუ არა ჩემი დის გამოყვანა ბაღიდან, რადგან მას უნდა ემუშავა.

ძალიან პატარა ვიყავი. არ გვყავდა მანქანა და დედაჩემი ძალიან რთულ სიტუაციაში იყო. ის აღმზრდელი იყო საბავშვო ბაღში და არ ჰქონდა დრო, რომ თავისი შვილი წაეყვანა.

მახსოვს, როგორ ატირდა და მთხოვა ამის გაკეთება. საკუთარ თავში გამბედაობა ვიპოვე, წავედი ბაღში და წამოვიყვანე ჩემი პატარა და. ხალხი ქუჩაში ალბათ ფიქრობდა: „სად არიან მათი მშობლები?“. მე მხოლოდ წინ ვიყურებოდი, რათა ჩემი და სახლში მიმეყვანა.

როდესაც დედა სახლში დაბრუნდა, ისევ ატირდა - ნაწილობრივ დანაშაულის გამო და ნაწილობრივ იმის გამო, რომ ჩემით ძალიან ამაყობდა. გულწრფელად ვფიქრობ, რომ სწორედ ასე დაიწყო ეს მოგზაურობა, რადგან სწორედ მაშინ გავხდი პირველად ლიდერი.

ყველაფერი, რაც ხდება მოედანს მიღმა, გავლენას ახდენს მოედანზე.

ამ მოგონების შემდეგ, გამახსენდა ჩემი პირველი ვარჯიში და ჰონგ-მინ სონი. „რა? 10 მილიონი მასში?“.

დრო, როცა სათადარიგოთა სკამზე დამსვეს, პრობლემები ხერარდოსთან.

პირველი საუბარი ჩაბისთან.

ყველა თამაში, რომელიც ერთად მოვიგეთ და წავაგეთ. ყველა ვარჯიში, გუნდის შეხვედრები და ვიდეო კონფერენციები.

ახლა კი ჩვენ ჩემპიონები ვართ.

ნევერკუზენი მოკვდა.

ერთადერთი, რაზეც შემეძლო მეფიქრა, ეს იყო: „ჩვენ ეს შევძელით“.

შემდეგ ხმაური ისევ დაბრუნდა, ყველა დახტოდა და მეხუტებოდა.

ვფიქრობ, ამ მომენტმა დამანახა, რას ნიშნავდა ჩემთვის ამ ტიტულის მოგება. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ბუნდესლიგა მოვიგე - მე გავაკეთე ეს ამ კლუბთან, ამ მწვრთნელთან და ამ გუნდელებთან.

მადლობა ყველას, ვინც ეს მომენტი ჩემთან ერთად გაიზიარა. მადლობა, რომ ჩემი ცხოვრების ამ არაჩვეულებრივი თავის ნაწილი გახდით.

და ბოლოს, ჩემი ცოლი მართალი აღმოჩნდა, ხვდებით?

საუბარია არა მხოლოდ ფეხბურთზე, არამედ ყველა იმ არაჩვეულებრივ ადამიანზე, რომლებსაც ხვდები.

მოგონებებზე, რომლებსაც ერთად ქმნით.

იმაზე, რასაც მთელი ცხოვრება სწავლობ.

და ყველაფერი ამ არაჩვეულებრივი თამაშის - ფეხბურთის გამო ხდება.

ჯონათან ტას წერილი The Players’ Tribune-მა გამოაქვეყნა.

გაზიარება: