„მათი ძლიერი მხარეები უნდა შევზღუდოთ“ - ფინეთის მწვრთნელი საქართველოსთან მატჩზე
დღეს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტ 2025-ზე ისტორიულ შეხვედრას გამართავს. ქართველი კალათბურთელები ისტორიაში პირველად, ტურნირის 1/4 ფინალში ითამაშებენ, მეტოქე კი ფინეთის ეროვნული ნაკრები იქნება.
შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე მეტოქე გუნდის შემადგენლობაში საქართველოსთან მატჩზე ილაპარაკეს. ფინეთის მთავარი მწვრთნელი, ლასი ტუოვი საუბრობს იმაზე, თუ რა არის საწირო დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს დასამარცხებლად. 38 წლის სპეციალისტი ჩვენი გუნდის ძლიერ მხარეებსაც განიხილავს და თამაშის შესაძლო სცენარს აღწერს.
რას ამბობს ტუოვი:
„როგორ უნდა ვითამაშოთ? გაბედულად, არ უნდა შეგვეშინდეს, საკუთარი შესაძლებლობების ვირწმუნოთ და მებრძოლი სული ვაჩვენოთ. დავამტკიცეთ, რომ დიდი გუნდების დამარცხება შეგვიძლია და ამ შეხვედრაშიც მსგავსი განწყობა გვჭირდება.“
„ქართველები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჩვენი ძლიერი მხარეები შეზღუდონ - სისწრაფე და პასები. ჩვენც ვეცდებით მათი პლუსების განეიტრალებას.“
„მათი სასტარტო მოთამაშეები უნდა შევზღუდოთ. როდესაც მეტოქე ორი ევროლიგისა და ორი NBA-ის კალათბურთელით თამაშობს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათ სიძლიერეზე მიუთითებს და შესაბამისად, სასტარტო ხუთეულიც ძლიერი იქნება. საჭიროა, რომ სწრაფად ვიაზროვნოთ. ცხადია, რომ მეტოქეს ბოლომდე ვერ გამოვთიშავთ, მაგრამ რაღაცის წართმევა უნდა შევძლოთ.“
„კარგად უნდა ვითამაშოთ მოხსნებზე, ეს საიდუმლო არ არის. საქართველო ამ კომპონენტში ერთ-ერთი საუკეთესოა. ფიზიკურად უნდა გავძლოთ, სხვა შემთხვევაში, ტაქტიკურად გამარჯვებას ვერ შეძლებ. თუ ხელს ფიზიკაც არ გიწყობს, რისკზეც ვერ წახვალ და ვერაფერს მიაღწევ. სერბეთთან თამაშის შემდეგ რაღაცებს შევცვლით.“
„მნიშვნელოვანია, რომ ქართველებს დასაკარგი არაფერი აქვთ. მათთვის, აქ ყოფნა უკვე დიდი წარმატებაა და დასაკარგი არაფერი აქვთ. თუ საკუთარი ტემპის შენარჩუნებას შევძლებთ, გამარჯვების დიდი შანსები გვექნება.“
შეგახსენებთ, რომ ფინეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.