“მათ დიდი მოტივაცია აქვთ“ - ფრედერიკ ფოტუ საქართველოსთან მატჩზე
როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მერვედფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრედერიკ ფოტუმ კომენტარი გააკეთა.
ფოტუ:
„დადგა ეტაპი, სადაც, თუ წააგებ ყველაფერი მთავრდება. ვფიქრობ, წინ განსაკუთრებული მატჩი გველოდება. საქართველოსთან თამაშს სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ისინი განსხვავებულ სტილს შემოგვთავაზებენ. ჯიკიჩს საკმაოდ გამოცდილი გუნდი ჰყავს. მათ შემადგენლობაში ბევრი როტაცია არ არის. საქართველო თამაშს ხშირად ანელებს და ამასთან ადაპტირება მოგვიწევს.
საქართველოს 2 გამორჩეული კალათბურთელი ჰყავს. საუბარი გოგა ბითაძეზე და სანდრო მამუკელაშვილზე მაქვს. გოგა მოხსნაზე ძალიან კარგია და 3-ქულიანის სროლაც შეუძლია. სანდრო კარგი მექულეა. ჩემთვის საინტერესო ის არის, რომ ნაკრებში სულ სხვა როლი აქვთ, განსხვავებით NBA-სგან. ვფიქრობ, მათ დიდი მოტივაცია აქვთ.“
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის მერვედფინალური მატჩი საქართველოსა და საფრანგეთს შორის დღეს თბილისის დროით 16:15-დან დაიწყება.