„თურქეთთან შეცდომები გავაანალიზეთ, სტარტი მნიშვნელოვანი იქნება“ - სანიოლის პრესკონფერენცია
ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე შეხვედრას გამართავს. ქართველი ფეხბურთელები „დინამო არენაზე“ ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მედიის წინაშე სანიოლთან ერთად ზურიკო დავითაშვილიც გამოჩნდა.
ვილი სანიოლი:
წითელი ბარათი? ამ დრომდე ვერ გავიგე, რატომ მივიღე წითელი ბარათი. თამაშის დროს მწვრთნელობა ყოველთვის მარტივი არ არის, ხშირად გიწევს მსაჯისთვის შეკითხვების დასმა, პასუხად კი მხოლოდ ის გესმის, რომ დავმშვიდდე. ამ დროს ხშირად ღიზიანდები და მეც ეს შემემთხვა. თამაშის დროს პასუხებზე ადეკვატური პასუხები თითქმის არასდროს მიმიღია. ახლა აღარ გვინდა ამ ეპიზოდზე საუბარი, დროა ხვალინდელ თამაშზე ვიფიქროთ.
რატომ არ გამოვიყენე 5 შეცვლა? არ ჩავთვალე საჭიროდ ყველა შეცვლა განმეხორციელებინა. ვინც მოედანზე იყვნენ, შეძლეს და თამაში შემოატრიალეს. თამაშის ბოლოს მეორე გოლი გავიტანეთ და ანგარიშის გათანაბრებაც შეგვეძლო, მაგრამ სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა.
4 მცველით თამაში? ამ სისტემით მარტიდან მოყოლებული ვთამაშობთ. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. დაცვითი სისტემა ახლა უნდა შეგვეცვალა. ვნახეთ უკრაინასთან, ალბანეთთან და ჩეხეთთან, რომ 3-მცველიანი სისტემა აღარ ფუნქციონირებდა. ნაკრებში თაობათა ცვლა მიდის, რასაც გარკვეული დრო სჭირდება და ცვლილებებსაც ადაპტაცია უნდა. ვიქრობ, ახლა იყო დრო, რომ წყობა შეგვეცვალა. ვფიქრობ, თურქეთთან პრობლემები ინდივიდუალური შეცდომების ბრალი იყო და არა ახალი წყობის.
იქნება თუ არა ბულგარეთთან ცვლილებები? დიახ, რამდენიმე ცვლილება იქნება. ბულგარეთი თურქეთთან შედარებით სხვა ტიპის გუნდია და ამასთან, მოკლე პერიოდში მეორე რთული მატჩის ჩატარება მოგვიწევს. მნიშვნელოვანია, რომ უფრო ორგანიზებულად დავიწყოთ თამაში და შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ.
მატჩის ყურება ტრიბუნიდან მომიწევს? კარგია, რომ უფასოდ შემეძლება თამაშის ყურება, ამისთვის მადლობა მსაჯებს. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრის დაწყებამდე გუნდს ისეთი მითითებები მივცე, რომელსაც თამაშში მაქსიმალურად გამოიყენებენ, რადგან შემდეგ უკვე ამის შესაძლებლობა აღარ მექნება.
რას ვიტყვი ბულგარეთზე? ბულგარეთს 3 წლის შევხვდით და ჩვენთვის ორივე თამაში კარგი გამოდგა როგორც გასვლაზე, ისე საკუთარ კედლებში. ბულგარეთის ნაკრები ახლა შეცვლილია, ბოლო რამდენიმე თამაშს ვუყურე და ახლა უფრო ორგანიზებული გუნდია.
რომელი ფეხბურთელისგან ველით საფრთხეს? ბოლო თამაშებიდან გამომდინარე ვიტყოდი, რომ მთავარი საფრთხე არა ინდივიდუალური, არამედ გუნდური თამაშით მოდის. ამის წინააღმდეგ თამაში არის ჩვენთვის დიდი გამოწვევა.
ვაფასებთ თუ არა სათანადოდ ბულგარეთს? პირველი 21 წუთის შემდეგ რაც თურქეთთან ჩავატარეთ, იმის ბრალი იყო, რომ ფეხბურთელებმა მეტოქე სათანადოდ არ დააფასეს და ეს დიდი შეცდომა იყო. მართალია ბულგარეთი იმ დონის აღარ არის, როგორიც რამდენიმე ათწლეულის წინ იყო, მაგრამ ახლაც ნამდვილად სახიფათო გუნდია. ამიტომ, ჩემი გუნდის მხრიდან ყველაფერი სათანადოდ იქნება შეფასებული.
ზურიკო დავითაშვილი:
ყოველთვის რთულია ასეთ დროს ძალების აღდგება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბიჭებმა ეს შევძელით. პირადად მე 100%-ით მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელებიც სრულ მზადყოფნაში არიან.
ბიჭებმა ვისაუბრეთ ერთმანეთში და როგორც ვთქვი, კონცენტრაცია გვაკლდა, ამით კი თურქეთმა ისარგებლა. ეს ფეხბურთის ნაწილია და ასე ხდება ხოლმე. ვცადეთ გათანაბრება მაგრამ მეორე გოლიც გავუშვით. შეცდომები გავაანალიზეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შეცდომები აღარ გამეორდეს.
შეგახსენებთ, რომ შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ კედლებში თურქეთთან 2:3 დამარცხდა, ბულგარეთთან დაპირისპირება კი 7 სექტემბერს, 17:00 საათზე გაიმართება.