„ამ გუნდს დიდი მომავალი აქვს“ - სკარიოლომ ესპანეთის ნაკრები დატოვა
ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჯო სკარიოლომ თანამდებობა დატოვა. გამოცდილი სპეციალისტი ამ ნაბიჯის გადადგმას ისედაც გეგმავდა, თუმცა Eurobasket 2025-ზე პირენეელთა წარუმატებელმა გამოსვლამ მისი გადაწყვეტილება შეიძლება ითქვას რომ დააჩქარა. იტალიელი მწვრთნელი ესპანეთის ნაკრებს ორჯერ, 2009-2012 და 2015-2025 წლებში ხელმძღვანელობდა და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ის ამ გუნდის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, რადგან ესპანელებს ევროპის ჩემპიონატი ოთხჯერ აქვთ მოგებული და ოთხივე შემთხვევაში ამის გაკეთება მისი მუშაობის პერიოდში მოახერხეს. პოსტის დატოვების შემდეგ სკარიოლომ ასეთი კომენტარი გააკეთა:
„რა თქმა უნდა, არავის არ სიამოვნებს უკანასკნელი მატჩის წაგება, მაგრამ მე ვამაყობ იმით, რომ ესპანეთის ნაკრებში მოთამაშე ახალგაზრდა, გამოუცდელმა კალათბურთელებმა ერთ ეპიზოდში შეძლეს და საბერძნეთის უძლიერეს გუნდთან 15-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს. ჩემს ნაცვლად ვინც მოვა, იმ სპეციალისტს საწუწუნოდ საქმე ნამდვილად არ ექნება, რადგან ესპანეთის ეროვნულ გუნდში არაჩვეულებრივი თაობა მოდის და ეს ბიჭები სათანადო გამოცდილების მიღების შემთხვევაში, უმაღლეს მწვერვალებს ისევ დაიპყრობენ“.
ცნობისათვის, ესპანეთის ნაკრებმა ევროპის პირველობის ჯგუფური ეტაპი 33-წლიანი პაუზის შემდეგ ვერ დაძლია და ამაში მთავარი წვლილი საქართველოს ეროვნულ გუნდს მიუძღვის, რომელმაც პირენელეები პირველ ტურში 83:69 დაამარცხა და ურთიერთშეხვედრაში უპირატესობის მოპოვებით მერვედფინალის საგზური წაართვა.