„ეს ჩვენი უპატივცემულობაა“ - თურქების მწვრთნელმა ფიბა გააკრიტიკა
თურქეთის ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი რომ იყო, ამაზე არავინ დავობს. ჩვენმა მეზობლებმა გარდა იმისა, რომ ქულათა მაქსიმუმით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, ტურნირის მთავარი ფავორიტი სერბეთის ეროვნული გუნდი დაამარცხეს. ასეთი შედეგების ფონზე, წესით და რიგით, მათი დამრიგებელი ერგინ ატამანი კარგ გუნება-განწყობილებაზე უნდა იყოს, თუმცა პირიქით ხდება და მან ფიბას ხელმძღვანელები მკაცრად გააკრიტიკა:
„ერთადერთი, რაც მაღიზიანებს არის ის უპატივცემულობა, რომელსაც ფიბასგან ვგრძნობთ. დავიკავეთ პირველი ადგილი, ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად დავასრულეთ და მიუხედავად ამისა, ჩვენი მერვედფინალი დილის 12 საათზე დანიშნეს - ეს აბსურდია. აქ უკვე 15 დღეა ვიმყოფებით და ყველაზე მნიშვნელოვან პლეი ოფის მატჩს დილის 12 საათზე ვთამაშობთ. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ყველამ იცოდეს - ღამის 3 საათზე რომ გვათამაშოთ, მაინც არაფერი შეიცვლება და დასახულ მიზანს მივაღწევთ“.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის მერვედფინალში თურქეთის ნაკრები შვედებს დაუპირისპირდება. თურქებმა კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში 26-ჯერ ითამაშეს და საუკეთესო შედეგი 2001 წელს აჩვენეს, როდესაც ვერცხლის მედლები მოიპოვეს.