„ასეთი ჯგუფიდან გასვლა მათ გააძლიერებთ“ - კორდინიე შენგელიაზე და საქართველოზე
ევრობასკეტის თითოეული მერვედფინალი ბუნებრივია საინტერესო და დაძაბული უნდა გამოდგეს, თუმცა კალათბურთის ქართველი გულშემატკივრების ყურადღება განსაკუთრებით საფრანგეთი-საქართველოს მატჩისკენ არის მიპყრობილი. ეს თამაში ინტერესს იწვევს იმის გამოც, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში ქართველ თორნიკე შენგელიასა და ფრანგ ისაია კორდინიეს, რომლებიც წლების განმავლობაში „ვირტუსში“ თანაგუნდელები იყვნენ. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება კორდინიეს სთხოვეს და მან ასეთი განცხადება გააკეთა:
„საბერძნეთი-ესპანეთის მატჩის დასრულების შემდეგ, რომელმაც საქართველოს ნაკრების პლეი ოფში გასვლა განსაზღვრა, მე და თორნიკე შენგელიამ შეტყობინებები გავცვალეთ. საერთაშორისო ასპარეზზე ერთმანეთის წინააღმდეგ პირველად მოგვიწევს დაპირისპირება, თუმცა როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის ნაკრებებს ეხება, 40 წუთი მეგობრობა გვერდზე უნდა გადავდოთ. საქართველოს ნაკრები არის გუნდი, რომლის წინააღმდეგაც ყურადღებით, აკურატულად უნდა ითამაშო, რადგან მათ იმდენად ძლიერი ჯგუფიდან მოახერხეს გაღწევა, რომ ასეთი კონკურენციის დაძლევა მეტ თავდაჯერებულობას შემატებთ“.
ცნობისათვის, ევრობასკეტის C ჯგუფში გამართული ხუთი მატჩიდან ალექსანდარ ჯიკიჩის შეგირდებმა ორი (ესპანეთთან და კვიპროსთან) მოიგეს, სამჯერ (იტალიასთან, საბერძნეთთან, ბოსნიასთან) დამარცხდნენ და პლეი-ოფში პირენეელებთან ურთიერთშეხვედრაში ნაჩვენები კარგი შედეგის წყალობით გავიდნენ.