მოქმედი ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩა | საქართველოს ნაკრები პლეიოფშია და საფრანგეთს ხვდება
ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები პლეიოფში ვერ გავიდა. სერჯო სკარიოლოს გუნდმა გადამწყვეტი შეხვედრა საბერძნეთთან გამართა და მძიმე ბრძოლაში დამარცხდა. ესპანეთის წაგებით საქართველომ ისარგებლა და პლეიოფში გავიდა, სადაც საფრანგეთს დაუპირისპიდება.
საბერძნეთის ნაკრებმა მატჩი შესანიშნავად დაიწყო. იანის ანტეტოკოუნმპოს გუნდმა პირველ მეოთხედში 10-დან 8 სამქულიანი ჩააგდო და საწყისი პერიოდი 31:20 მოიგო. მეორე მეოთხედიც ბერძნების უპირატესობით წარიმართა და დიდ შესვენებაზე მათი უპირატესობა 15 ქულა გახლდათ - 50:35.
ესპანეთმა მესამე მეოთხედი გაქცევით დაიწყო და ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა. მეოთხე მეოთხედში სერჯო სკარიოლოს გუნდს 1-ქულიანი უპირატესობაც ჰქონდა და 73:72-ს იგებდა, თუმცა საბერძნეთი 81:77 დაწინაურდა. ესპანელებმა ბოლომდე იბრძოლეს და წინ კიდევ ერთხელ გავიდნენ - 82:81. შეხვედრის ბოლო წუთები უაღრესად დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, საბერძნეთმა იმარჯვა - 90:86.
საბერძნეთის ნაკრების რიგებში საუკეთესო იანის ანტეტოკოუნმპო იყო - 25 ქულა, 13 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა. ტაილერ დორსის 22 ქულა, 5 მოხსნა და 4 ასისტი ჰქონდა. კოსტას სლუკასმა 12 ქულა დააგროვა. ესპანელთა რიგებში საუკეთესო ხაიმე პრადილია იყო - 14 ქულა, მარიო სან-სუპერიმ 13 ქულა დააგროვა.
ევრობასკეტის პლეიოფის წყვილები: ლიეტუვა-ლატვია, საბერძნეთი-ისრაელი, თურქეთი-შვედეთი, პოლონეთი-ბოსნია და ჰერცეგოვინა, გერმანია-პორტუგალია, იტალია-სლოვენია, სერბეთი-ფინეთი, საფრანგეთი-საქართველო.