„ველოდით, რომ თურქეთი მოიგებდა, მაგრამ საქართველოც ძლიერი გუნდია“ - ბულგარელების პრესკონფერენცია
ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე შეხვედრას გამართავს. ქართველი ფეხბურთელები „დინამო არენაზე“ ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიან ილიევმა და ფეხბურთელმა ანტონ ნედიალკოვმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
ილიან ილიევი:
როგორი განწყობა გვაქვს და არის თუ არა ტრავმები? ესპანეთთან მძიმე თამაში გვქონდა, მაგრამ ტრავმები არ გვაქვს. ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. წაგება ყოველთვის მძიმეა, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ გუნდთან მოხდება ეს. ვიცით, რომ საქართველომაც დათმო პირველი შეხვედრა თურქეთის წინააღმდეგ. ამიტომ, ორივე გუნდისთვის ხვალინდელ თამაშში წარმატების მიღწევა მნიშვნელოვანი იქნება.
არის თუ არა ხვალინდელი შეხვედრა გადამწყვეტი? ყველა თამაში მნიშვნელოვანია. საერთო ჯამში ჯგუფში 6 მატჩის ჩატარება მოგვიწევს. ხვალინდელი მატჩის შემდეგ კიდევ 4 თამაში იქნება დარჩენილი. ესპანეთი ჯგუფის აშკარა ფავორიტია, მაგრამ მეორე ადგილისთვის ბრძოლა ყველას შეუძლია. არ მინდა, ხვალინდელი შეხვედრა ჩემმა ჯგუფმა წნეხის ქვეშ ითამაშოს, თითქოს ეს მატჩი გადამწყვეტი იყოს. არავინ იცის შემდეგში რა მოხდება და როგორც გითხარით, ყველა თამაში მნიშვნელოვანი იქნება.
იქნება თუ არა ცვლილებები? დღევანდელ ვარჯიშს დაველოდებით და ვნახავთ, როგორ მდგომარეობაში იქნებიან ფეხბურთელები. ხვალინდელი დილაც გადამწყვეტი იქნება. ვფიქრობ, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება.
წილისყრის შემდეგ აღვნიშნე, რომ საქართველოს ნაკრები ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესირებადი გუნდია და შემტევ ფეხბურთს თამაშობს. ფეხბურთელები წამყვან ევროპულ გუნდებში თამაშობენ და ბევრი გოლი გააქვთ. ეს ყველაფერზე მეტყველებს. ხვალინდელ შეხვედრაშიც შემტევი ფეხბურთის თამაშს ველოდებით.
რაც შეეხება იმას, რომ ვილი სანიოლი სათადარიგოთა სკამზე არ იქნება, ეს გავლენას არ იქონიებს. ვილი შესანიშნავი მწვრთნელია, რომელიც დიდი ხანია, საქართველოს ნაკრებშია.
ანტონ ნედიალკოვი:
ჩვენს ჯგუფში ოთხივე გუნდი განსხვავდება ერთმანეთისგან. წარმატების მიღწევა კი ერთიანობით და გუნდური სულისკვეთებით არის შესაძლებელი. ბრძოლა ყველა გუნდთან შეიძლება.
ველოდი, რომ თურქეთი მოიგებდა, მაგრამ დავრწმუნდით, რომ საქართველოც ძლიერი გუნდია. გარკვეული წნეხის ქვეშ ვართ, რადგან შანსების შესანარჩუნებლად მინიმუმ ქულის აღება გვჭირდება.
შეგახსენებთ, რომ შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ კედლებში თურქეთთან 2:3 დამარცხდა, ბულგარეთმა კი ასევე თავის მოედანზე, ესპანეთის წინააღმდეგ მატჩი 0:3 დათმო. ხვალინდელი დაპირისპირება „დინამო არენაზე“ 17:00 საათზე გაიმართება.