გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

საბერძნეთზე ვართ დამოკიდებული | საქართველო ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დამარცხდა

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა და დამარცხდა. ალექსანდერ ჯიკიჩის გუნდმა C ჯგუფი 2 მოგებითა და 3 წაგებით დაასრულა და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საბერძნეთზეა დამოკიდებული. თუ იანის ანტეტოკოუნმპომ და კომპანიამ ესპანეთი დაამარცხეს, მეოთხე ადგილზე გავალთ.

მატჩი ბოსნიელთა უპირატესობით დაიწყო და ისინი 10:4 დაწინაურდნენ. გოგა ბითაძისა და რატი ანდრონიკაშვილის ორქულიანების შემდეგ ჩამორჩენა ორ ქულამდე დავიყვანეთ, თუმცა იუსუფ ნურკიჩმა სამქულიანი ჩააგდო და 15:10 დააფიქსირა. პირველი მეოთხედის მიწურულს ბოსნია და ჰერცეგოვინას უპირატესობა 7 ქულამდე ავიდა, რასაც მამუკელაშვილმა სამქულიანით უპასუხა და პირველი მეოთხე 15:20 წავაგეთ.

მეორე მეოთხედი ბოსნია და ჰერცეგოვინას უპირატესობით დაიწყო და ადინ ვრაბაცის სამქულიანით, ისინი 29:20 დაწინაურდნენ, რასაც ჯიკიჩის ტაიმაუტი მოჰყვა. წუთშესვენებიდან დაბრუნების შემდეგ ანდრონიკაშვილმა ბურთი დაკარგა და -11 მივიღეთ. მეორე მეოთხედის დარჩენილ დროში ბოსნიელები უკეთ გამოიყურებოდნენ და პირველი ტაიმი 12 ქულით, 47:35 მოიგეს.

მესამე პერიოდის სტარტზე საქართველოს ნაკრების ჩამორჩენამ 15 ქულა შეადგინა, რასაც ჩვენი 5-ქულიანი გაქცევა მოჰყვა. ბოსნიელებმა სამქულიანით გვიპასუხეს, რის შემდეგაც „მამუმ“ პერიმეტრიდან გაისროლა, გოგამ კი ორქულიანი ჩააგდო და მეტოქეს ტაიმაუტი ავაღებინეთ - 51:59. მესამე მეოთხედის დასკვნით ნაწილში ჯიკიჩის გუნდი უკეთ გამოიყურებოდა და ბოლო პერიოდის წინ ჩვენი ჩამორჩენა 5 ქულა გახლდათ - 62:67.

მეოთხე მეოთხედი ჩვენი გაქცევით დაიწყო და ანგარიში გავათანაბრეთ - 69:69, რის შემდეგაც ბოსნია და ჰერცეგოვინა 2 ქულით დაწინაურდა - 73:71. საქართველოს ნაკრებმა მომდევნო შეტევები გააფუჭა, რასაც ჯონ რობერსონის სამქულიანი მოჰყვა - 76:71. რობერსონის წარმატებული სროლის შემდეგ ოთხი შეტევა გვქონდა, მაგრამ ვერცერთი გამოვიყენეთ და 9-ქულიანი ჩამორჩენა მივიღეთ. საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე, 6 ქულით ვაგებდით და თეორიული შანსი გვქონდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა და 76:84 წავაგეთ.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი იყო - 20 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა. კამარ ბოლდუინმა 18 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. გოგა ბითაძეს 15 ქულა ჰქონდა, ხოლო დუდა სანაძემ 13 ქულა გაიფორმა. ბოსნიელთა მხრიდან 15-15 ქულით იუსუფ ნურკიჩი და ჯონ რობერსონი გამოირჩნენ. ალექსანდარ ლაზიჩს 13 ქულა ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ უნდა მიმეღო ეს ბრძოლა, ასე არასდროს გავთიშულვარ“ - ვოლკანოვსკი ილიაზე
„არ უნდა მიმეღო ეს ბრძოლა, ასე არასდროს გავთიშულვარ“ - ვოლკანოვსკი ილიაზე