კევინ დურანტი, ალპერენ შენგუნი, შეი გილჯეს-ალექსანდერი
Aa
Aa

NBA მაგარი თამაშით დაბრუნდა | ორი ოვერტაიმი და ოკლაჰომას გამარჯვება

NBA-ის 2025/26 წლების სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მოქმედმა ჩემპიონმა, „ოკლაჰომა სითი თანდერმა“, საკუთარ კედლებში „ჰიუსტონ როქეთსი“ მიიღო და კალათბურთის გულშემატკივრებმა საოცარი სანახაობა იხილეს. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმი დაინიშნა.

„ჰიუსტონს“ შეეძლო, საქმე ოთხ მეოთხედში დაესრულებინა, მაგრამ 6-ქულიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ძირითადი დროის დასრულებამდე 9 წამით ადრე, 103:102-ზე, კევინ დურანტმა ორიდან მხოლოდ ერთი ჯარიმა ჩააგდო, რაც „ოკლაჰომას“ ანგარიშის გათანაბრების საშუალებას აძლევდა – 104:104.

პირველ ოვერტაიმში უპირატესობა „თანდერს“ ჰქონდა. „ოკეისი“ 6 ქულით დაწინაურდა და საფინალო სირენამდე 50 წამით ადრე 4 ქულით იგებდა – 115:111. თუმცა „ჰიუსტონმა“ ანგარიში გაათანაბრა. ბოლო შეტევაში შეი გილჯეს-ალექსანდერმა არაზუსტად ისროლა, ბურთი კი დურანტმა მოხსნა და ტაიმაუტი მოითხოვა, რომელიც „როქეთსს“ აღარ ჰქონდა. წესების მიხედვით, „თანდერს“ საჯარიმოები უნდა ესროლა, მაგრამ მსაჯებმა მომენტის გატარება გადაწყვიტეს.

მეორე ოვერტაიმში, შეხვედრის დასრულებამდე 11 წამით ადრე, „ჰიუსტონი“ 124:123-ს იგებდა. ბოლო შეტევა „ოკლაჰომას“ დარჩა და გილჯეს-ალექსანდერმა დურანტს ორი ჯარიმა აჰკიდა, რომლებიც გამოიყენა და საბოლოოდ საკუთარ გუნდს 125:124 მოაგებინა.

„ოკლაჰომას“ შემადგენლობაში საუკეთესო იყო შეი გილჯეს-ალექსანდერი – 35 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება. ჩეტ ჰოლმგრენმა 28 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, კეისონ უოლასმა – 14 ქულა. „ჰიუსტონის“ მხრიდან გამორჩეული იყო ალპერენ შენგუნი – 39 ქულა, 11 მოხსნა, 7 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა. კევინ დურანტმა 23 ქულა მიითვალა, ამენ ტომპსონმა – 18.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდის ისტერიული ხასიათი“ - რა მოხდა მამარდასა და სობოსლაის შორის?
„გუნდის ისტერიული ხასიათი“ - რა მოხდა მამარდასა და სობოსლაის შორის?