ბოლდუინის 12 ქულა - ბაიერნი მეოთხედფინალში გავიდა
კამარ ბოლდუინი „ბაიერნს“ გერმანიის საკალათბურთო თასის მეოთხედფინალში გასვლაში დაეხმარა. მიუნხენურმა კლუბმა მერვედფინალში „ბრაუნშვაიგი“ 35-ქულიანი სხვაობით, 99:64 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი კი თანაგუნდელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
პარკეტზე გატარებულ 19 წუთში ბოლდუინმა 12 ქულა, 3 მოხსნა, 3 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. მან ორიდან ერთი სამქულიანი, ექვსიდან ოთხი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. კამარმა სამივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
მომდევნო შეხვედრას „ბაიერნი“ 24 ოქტომბერს, ევროლიგაში საკუთარ დარბაზში „ოლიმპიაკოსთან“ გამართავს. გერმანიის თასის მეოთხედფინალში კი ბოლდუინის და მისი თანაგუნდელების მეტოქე 15 ნოემბერს, „ტრირი“ იქნება.