„თავისი ბრწყინვალება დაიბრუნა“ | რას წერენ ფრანგულ პრესაში კვარაზე
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „ლევერკუზენს“ დაუპირისპირდა და გერმანული გუნდი 7:2 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა — რაც ფრანგულ პრესას არ გამოჰპარვია.
Footmercato: „მატჩის საწყის წუთებში, როდესაც მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა, ნაკლებად შესამჩნევი იყო და ვერ ქმნიდა განსხვავებას. აშრაფ ჰაკიმისთან შესათამაშებლად დრო დასჭირდა და ერთხელ არაზუსტად დაარტყა. თუმცა გაცილებით უკეთესი იყო მარცხენა ფლანგზე გადასვლის შემდეგ — სწორედ იქიდან შექმნა გოლი და საგოლე გადაცემა. პირველი ტაიმის ბოლოს დაცვაში მნიშვნელოვანი დაბრუნებაც ჰქონდა.“
Eurosport: „ქართველმა მატჩი დაიწყო დარტყმით, რომელიც ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს თავისი თამაში იპოვა — ჯერ დეზირე დუეს გაუკეთა საგოლე გადაცემა, შემდეგ კი თავად გაიტანა. ინსტინქტური და წარმატებული დარტყმა, რომელიც ორივე ძელს მოხვდა.“
So foot: „გაიტანა გოლი, რომლისაც პინბოლის საუკეთესო მოთამაშეს, ჯეისონ ზალერსაც კი შეშურდებოდა.“
90Min: „საწყის წუთებში ორი მომენტი ჰქოდა. მოგვიანებით მატჩი პარი სენ-ჟერმენის სასარგებლოდ შემოატრიალა. 41-ე წუთზე დუეს გაატანინა, შემდეგ კი თავად გაიტანა. კვარაცხელიამ დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ პარიზელებმა თამაში სწრაფად შემოაბრუნეს.“
Maxifoot: „რამდენიმე მძიმე მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა თავისი ბრწყინვალება დაიბრუნა. ძლიერი და შთამაგონებელი. ნაპოლის ექს-მოთამაშემ დუეს საგოლე პასი გაუკეთა, შემდეგ კი თავად გაიტანა. მისმა ტექნიკურმა ოსტატობამ გერმანელთა დაცვის ხაზი ფაქტობრივად გაანადგურა.“
Culturepsg: „მარჯვენა ფლანგზე დაკარგული იყო, მარცხენა ფლანგზე - ძალიან ძლიერი.“
შეგახსენებთ, რომ სამი ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ 9 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერია. კვარაცხელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 25 ოქტომბერს, „ბრესტის“ წინააღმდეგ გამართავს.