იანგის ეპოქა დასრულდა - ხმაურიანი ტრეიდი NBA-ში
NBA-ში მორიგი ხმაურიანი ტრეიდი განხორციელდა - „ატლანტამ“ 27 წლის ლიდერი ტრეი იანგი (188 სმ) „ვაშინგტონში“ გაუშვა, სანაცვლოდ კი „ვიზარდსისგან“ 34 წლის სი ჯეი მაკკოლუმი (190 სმ) და 26 წლის კორი კისპერტი (198 სმ) მიიღო. შესაბამისად, ამით „ჰოუქსში“ იანგის შვიდ წელიწადზე მეტხნიანი ერა სრულდება, რომლის განმავლობაშიც ის ამ კლუბის ისტორიაში თითქმის ყველა მაჩვენებლით ლიდერის პოზიციაზე გადავიდა.
იანგი როგორც პერიმეტრიდან დაგროვებული ქულების(1295), ასევე ასისტების (4837) რაოდენობით ჯორჯიის კლუბის ყველა დროის რეკორდსმენია. მან სამჯერ გაიყვანა „ატლანტა“ პლეი ოფში, ხოლო საუკეთესო შედეგი 2021 წელს აჩვენა, როდესაც ის და მისი თანაგუნდელები აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალამდე მივიდნენ.
წლევანდელ სეზონში ტრეიმ ტრავმის გამო მხოლოდ 10 მატჩში ითამაშა და საშუალოდ 19,3 ქულას, 1,5 მოხსნასა და 8,9 გადაცემას აგროვებდა. 2026-2027 წლის ჩათვლით მას „ჰოუქსთან“ ჰქონდა გაფორმებული კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც 95 მილიონი დოლარი უნდა მიიღო, თუმცა ასევე ხელშეკრულებაში იდო პუნქტი, რომ მხარეების სურვილის შემთხვევაში, თანამშრომლობის ვადაზე ადრე შეწყვეტა შესაძლებელი იქნებოდა.
რაც შეეხება იანგის წასვლის შემდგომ მიღებულ შევსებას - მაკკოლუმი წლევანდელ სეზონში ორქულიანებს 45,4, ხოლო სამქულიანებს 39,3 პროცენტით ისვრის, რის შედეგადაც საშუალოდ 18,8 ქულას, 3,5 მოხნასა და 3,6 ასისტს აგროვებდა და „ვიზარდსთან“ წლევანდელი სეზონის ბოლომდე 30,6 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი აკავშირებდა. კორი კისპერტის ანგარიშზე კი 19 მატჩში 9,2-ქულიანი საშუალო მაჩვენებელია და ის პერიმეტრიდან 39,5%-იანი სიზუსტით ისვრის.