ზურაბ მუსელიანი
Aa
Aa

აუტსაიდერი მეოთხედფინალში გაიყვანა - მუსელიანის გამარჯვების გოლი კვიპროსის თასზე

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატში „პარალიმნის“ საქმეები ძალიან ცუდად მისდის - თექვსმეტ ტურში კლუბს ჯერ მატჩი არ მოუგია, თხუთმეტჯერ წააგო, ერთი ფრე ითამაშა და 1 ქულით სატურნირო ცხრილის უიმედო აუტსაიდერია. ყოველივე აქედან გამომდინარე, ბუნებრივია დიდი მნიშვნელობა ენიჭება თასზე წარმატებულ ასპარეზობას და „პარალიმნის“ ქომაგებმა გუშინ, სტუმრად „ახნასის“ (1:2) დამარცხებით უზომოდ გაიხარეს, რის შედეგადაც მათმა საყვარელმა კლუბმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ თასის მერვედფინალში გამარჯვების გოლი ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა - მატჩის 84-ე წუთზე, როდესაც ტაბლოზე 1:1 ფიქსირდებოდა, მარცხენა ფლანგიდან თანაგუნდელის ჩაწოდების შემდეგ ზურაბ მუსელიანმა ბრწყინვალე თავური დარტყმით აიღო „ახნასის“ კარი და „პარალიმნის“ მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში მოაგებინა. ეს 26 წლის ფორვარდისთვის წელს მეორე ბურთია და სხვათა შორიც პირველიც მან „ახნასის“ კარში გაიტანა, ოღონდ ჩემპიონატში.

ცნობისათვის, ზურაბ მუსელიანი საქართველოს Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ერთი უნიკალური რეკორდის ავტორია - ჩვენი ქვეყნის პირველობაზე მხოლოდ და მას და მიხეილ ჯიშკარიანს აქვთ ერთ მატჩში შვიდი ბურთი გატანილი. ჯიშკარიანმა ამის გაკეთება 1991-1992 წლების სეზონში „ცხუმი“ – „მერცხალის“ (11:0), მუსელიანმა კი 2023 წელს „შუქურა“ – „გაგრას“ (0:9) შეხვედრაში შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მათი ყურება სასიამოვნოა | კარლინიმ ფროზინონე და კვერნაძე შეაქო
მათი ყურება სასიამოვნოა | კარლინიმ ფროზინონე და კვერნაძე შეაქო