„რეალში რომ მეთამაშა, აუცილებლად მოვიგებდი“ - ტოტიმ წარსული გაიხსენა
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში უამრავი ბრწყინვალე მოთამაშეა, რომელმაც კარიერა ისე დაასრულა, რომ ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზი „ოქროს ბურთი“ არასოდეს მოუგია. როდესაც ასეთ ფეხბურთელებზე იწყება საუბარი, ყველა უპირველეს ყოვლისა ფრანჩესკო ტოტის ახსენებს, რომელმაც მთელი კარიერა ერთ კლუბს „რომას“ მიუძღვნა და მისი აზრით, ძირითადად სწორედ ამ ფაქტორის გამო ვერ მოიგო ის ჯილდო, რომლის მოგებაზეც ყველა საფეხბურთო ვარსკვლავი ოცნებობს.
ფრანჩესკო ტოტი
ხშირად მეკითხებიან, ფრანჩესკო რატომ ვერ მოიგეთ „ოქროს ბურთი“. ჩემი პასუხი მარტივია - „რეალში“ რომ მეთამაშა, აუცილებლად მოვიგებდი. ამით იმის თქმა არ მსურს, რომ მადრიდული კლუბის ხელმძღვანელები როდესმე ვინმეზე ზეწოლას ახდენდნენ. უბრალოდ გეტყვით, რომ „სამეფო კლუბის“ წევრს ყოველთვის უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე „ჯალოროსოს“ მოთამაშეს.
ცნობისათვის, ფრანჩესკო ტოტი „რომაში“ 1993-2017 წლებში ასპარეზობდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 786 შეხვედრაში 307 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მან რომაულ კლუბთან ერთად ერთხელ სკუდეტო, ორ-ორჯერ კი იტალიის თასი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.