AJC: ატლანტას საბა ლობჟანიძის გაყიდვა სურს
საქართველოს ნაკრების შემტევმა საბა ლობჟანიძემ შესაძლოა „ატლანტა იუნაიტედი“ დატოვოს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა AJC იტყობინება.
მისი ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ხერარდო მარტინოს დაბრუნების შემდეგ გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს და მათ შორის ერთ-ერთი საბა ლობჟანიძე იქნება.
„26 წლის ნახევარმცველის, ბარტოშ სლიშის გადაბირებით „ბრონდბიუა“ დაინტერესებული. დანიელები პოლონელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 3.5 მილიონ დოლარს იხდიან. „ატლანტა“ ასევე შეეცდება, გაყიდოს გარემარბი საბა ლობჟანიძე, ნახევარმცველი ტრისტან მუიუმბა და ცენტრალური მცველი სტიან გრეგერსენი“, - წერს გამოცემა.
სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა 31 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, ჯერჯერობით უცნობია, „ატლანტას“ ფეხბურთელები ვარჯიშს ორშაბათიდან განაახლებენ.
საბა ლობჟანიძე „ატლანტა იუნაიტედის“ ღირსებას 2023 წლიდან იცავს. გასულ სეზონში მან 36 მატჩში 1 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა. ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტი „ატლანტა იუნაიტედთან“ 2026 წლის ბოლომდეა გათვლილი.