ქეცბაიას შეხვედრა ხელმძღვანელობასთან - „გადადგომაზე საუბარი არ ყოფილა“
„ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის საგანგენო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა ბოლოდროინდელი შედეგებსა და პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას კლუბის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა.
„შეხვედრაზე მწვრთნელის გაშვებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. ასეთი შეხვედრები რეგულარულად იმართება. ამჯერადაც განვიხილეთ ყველა აქტუალური საკითხი - ყველამ ვიცით, რომ „ანორთოსისი“ გასავარდნ ზონაში არ უნდა იმყოფებოდეს. ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ თემურ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, მას კი კარგად ესმის, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდა კლუბი.
ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ და ამაზე ყველა ერთადაა პასუხისმგებელი. ამ სიტუაციაში ყოფნა არავის მოსწონს. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ, „ანორთოსისის“ ინტერესები ყველაფერზე მაღლა უნდა დავაყენოთ. „ეთნიკოსთან“ მატჩი პირველი ფინალია და ჩვენი მიდგომა ამ მატჩში უნდა ვაჩვენოთ.
უცნაური და პარადოქსულიც კია, რომ ამ სეზონში საკუთარ მოედანზე თამაში არ მოგვიგია. ეს სტადიონი ყოველთვის ჩვენი ციხე-სიმაგრე იყო და იმედია, ეს დრო ძალიან მალე დაბრუნდება“.
შეგახსენებთ, რომ ქეცბაიამ ფამაგუსტას „ანორთოსისი“ სექტემბრის დასაწყისში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 14 მატჩიდან 2 მოიგო, 7 ფრედ დაასრულა, 5 კი წააგო. 16 ტურის შემდეგ „ანორთოსისი“ 14 ქულით სატურნირო ცხრილის მე-14 ადგილზეა.
აქვე გეტყვით, რომ მომდევნო მატჩს ქეცბაიას გუნდი 11 იანვარს საკუთარ მოედანზე „ეთნიკოსის“ წინააღმდეგ გამართავს.