თოფურიამ ჩვენება მისცა | რატომ დაიბარეს ილია სასამართლოში და როგორია მისი პოზიცია
ილია თოფურია ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლოში მივიდა და ჩვენება მისცა. შენობიდან გამოსვლის შემდეგ „ელ მატადორი“ ჟურნალისტებს შეხვდა და მოკლე კომენტარი გააკეთა.
„ძალიან მშვიდად ვარ და სტრესის ქვეშ საერთოდ არ ვიმყოფები. სტრესში არ ვარ, რადგან ჩემს ქალიშვილს ძალიან მალე ვნახავ. ჩემი პრიორიტეტი შვილები და ოჯახი არიან,“ — განაცხადა თოფურიამ.
რატომ დაიბარეს ილია ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლოში ჩვენების მისაცემად
ესპანური პრესის ინფორმაციით, ილია ჩვენების მისაცემად მას შემდეგ დაიბარეს, რაც თოფურიამ უარი განაცხადა, მის ყოფილ პარტნიორს, ჯორჯინა უსკატეგის, მათი საერთო ქალიშვილის აშშ-ში წაყვანის უფლება მიეღო. უსკატეგიმ ითხოვა, მათ ქალიშვილს საზღვარგარეთ მგზავრობის ნებართვა მიეღო, მაგრამ ილიამ უარი უთხრა.
ABC თოფურიას წარმომადგენლებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უარი ორი მიზეზით იყო განპირობებული. პირველი — ილიას საკუთარი ქალიშვილი ოთხი თვეა არ უნახავს. მეორე — სანამ რაიმე სახის შეთანხმება არ შედგება და მეურვეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანა ლოგიკას მოკლებულია.
რატომ განიხილება ილიას საქმე ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლოში
ეს საქმე ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლოში განიხილება, რადგან თოფურიას ყოფილმა პარტნიორმა სარჩელი ამ ოლქში შეიტანა. საჩივარი მებრძოლის მიერ განქორწინების სარჩელიდან სამი კვირის შემდეგ შეიტანეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამოქალაქო სასამართლომ საქმის განხილვაზე უარი თქვა (თვითაცილება გამოაცხადა) და ყველა საქმის წარმოება ზემოთ აღნიშნულ სასამართლოში გაგრძელდა. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თოფურიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ჩვენების მისაღებად დაიბარეს. „ელ მატადორმა“ ყველაფერი ახსნა და მისი განცხადება შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.