„ეს ფინალია, კლასიკოა და უნდა მოვიგოთ“, - ენრიკე სუპერთასის წინ
8 იანვარს, ქუვეითში საფრანგეთის სუპერთასის ფინალი გაიმართება, სადაც პსჟ „მარსელს“ დაუპირისპირდება.
პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა დღეს წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა.
„ჩვენ ვიცით, რამდენად რთულია ტიტულების მოგების გაგრძელება, თუმცა ეს დამატებითი მოტივაციაცაა. ეს არის ფინალი, „კლასიკო“ და ჩვენ კარგად გვესმის ამ მატჩის მნიშვნელობა. ძალიან მოტივირებულები ვართ. როდესაც მარსელის წინააღმდეგ „კლასიკოსა“ და ფინალს თამაშობ, აქ რევანშზე საუბარი ზედმეტია. ეს განსხვავებული ტურნირია – ჩვენ მოგვიწევს ემოციების მართვა და მატჩის მნიშვნელოვან ასპექტებზე ფოკუსირება. რევანშის გრძნობა არ გვაქვს, თუმცა ნათლად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა ჩვენი გულშემატკივრებისთვის, კლუბისთვის და გუნდისთვის.
რობერტო დე ძერბიში ის მომწონს, რომ მას თავისი მენტალიტეტი აქვს: მას უყვარს შეტევა, მუდამ უტევს და მე მომწონს მწვრთნელები, რომლებიც ასე იქცევიან. ჩვენი მიზანია მატჩზე დომინირება, ბურთის ფლობა და მაქსიმალურად სწრაფი პრესინგი მის დასაბრუნებლად.
გამარჯვებების გასაგრძელებლად ყველაზე მნიშვნელოვანი სიამოვნების მიღებაა. როდესაც ვხედავ, რომ მოთამაშეები ყოველ ვარჯიშზე იღებენ სიამოვნებას, არიან მშივრები და აქვთ ფეხბურთის თამაშის დიდი სურვილი, სწორედ ეს არის გადამწყვეტი. სეზონის განმავლობაში შეიძლება იყოს აღმასვლები და ჩავარდნები, მაგრამ ეს (ენთუზიაზმი) აუცილებელია და მე ამას ვხედავ. ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვაკვირდები და იმედი მაქვს, კიდევ ბევრ მატჩს მოვიგებთ და მრავალი ტიტულის მოპოვების შესაძლებლობა გვექნება.
როგორი შეტევით ვითამაშებთ? ეს ბევრ ასპექტზეა დამოკიდებული... მატჩზე, მოთამაშეთა კონდიციებზე, სათამაშო დროზე. როდესაც გადაწყვეტილებების მიღება გიწევს, ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინო. თუმცა, ეს იქნება ფინალი. ჩვენ საშობაო არდადეგებზე დავისვენეთ და ახლა უკვე მეტ-ნაკლებად შეგვიძლია ნამდვილი პსჟ ვიხილოთ“.
ბოლოს გეტყვით, რომ 8 იანვარს გასამართი მატჩი ჩვენი დროით 22:00-ზე დაიწყება.