ბითაძის ეფექტური ჩატენვები | ორლანდომ სტუმრად ვაშინგტონს ვერ მოუგო
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ვაშინგტონ უიზარდსთან“ დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერს სტუმრად დაუპირისპირდა და 112:120 წააგო.
ბითაძემ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 20 წუთი და 14 წამი გაატარა. გოგას სამი ეფექტური ჩატენვა ჰქონდა და შეხვედრა 10 ქულითა და 5 მოხსნით დაასრულა. ბითაძემ 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და 5 პერსონალური ჯარიმა მიიღო.
„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 20 ქულა ჯეის რიჩარდსონმა ჩააგდო. დესმონდ ბეინმა 15 ქულა მიითვალა, ხოლო პაოლო ბანკეროს 14 ქულა ჰქონდა. „ვაშინგტონის“ მხრიდან საუკეთესო სი ჯეი მაკკოლუმი იყო — 27 ქულა, 6 მოხსნა და 5 ასისტი. ალექს სარმა 23 ქულა დააგროვა.
ცნობისთვის, „მეჯიქს“ 20 მოგება და 17 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მერვე პოზიციას იკავებს. ფლორიდელები მომდევნო შეხვედრას 8 იანვარს გამართავენ და „ბრუკლინ ნეთსს“ დაუპირისპირდებიან.