NBA-ის რეგულარული იწყება | ფავორიტები CBS Sports-ის მიხედვით და ქართველთა გუნდები
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სეზონი 22 ოქტომბერს, თბილისის დროით, 03:30-ზე დაიწყება. NBA-ის მოქმედი ჩემპიონი, „ოკლაჰომა სითი თანდერი“ „ჰიუსტონ როქეთსს“ დაუპირისპირდება, მოგვიანებით კი „ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ თამაშს ვიხილავთ.
მოახლოებულ სეზონთან დაკავშირებით, CBS Sports-მა რეიტინგი გამოაქვეყნა და ფავორიტები დაასახელა. CBS Sports გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქს“ ტოპ 10 გუნდში მოიაზრებს და თვლის, რომ „მეჯიქი“ სიძლიერით მერვე გახლავთ. აღმოსავლეთ კონფერენციაში „ორლანდოზე“ წინ მხოლოდ „ნიუ იორკ ნიქსი“ და „კლივლენდ კავალიერსი“ არიან.
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ აუტსაიდერთა შორისაა. CBS Sports-ს კანადელები 21-ე ადგილზე ჰყავს. აღმოსავლეთ კონფერენციაში „ტორონტოზე“ სუსტ გუნდებად „ჩიკაგო ბულსი“, „შარლოტ ჰორნეთსი“, „ვაშინგტონ უიზარდსი“ და „ბრუკლინ ნეთსი“ მოიაზრებიან.
CBS Sports-ის მიხედვით, „ოკლაჰომა“ ახალ სეზონშიც მთავარი ფავორიტია. მეორე ადგილზე „ნიუ იორკ ნიქსი“ იმყოფება, „დენვერ ნაგეთსი“ - მესამეა, „კლივლენდ კავალიერსი“ - მეოთხე, ხოლო „მინესოტა ტიმბერვულვზი“ - მეხუთე.