ლუის ენრიკე
Aa
Aa

„წინ რთული გზა გველის, ამიტომ ქულები რაც შეიძლება მალე უნდა დავაგროვოთ“ - ენრიკე ლევერკუზენთან მატჩზე

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის მესამე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „ბაიერ ლევერკუზენს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა ენრიკემ:

ზედიზედ მესამე თამაშის მოგება ჩემპიონთა ლიგაზე? ვცდილობთ, იგივე გავაკეთოთ, რაც წინა სეზონში. გვინდა, სწრაფად დავაგროვოთ რაც შეიძლება მეტი ქულა. წინ ძალიან რთული გზა გველის და მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგოთ.

ლევერკუზენთან მატჩი? ხვალინელი შეხვედრა ორივე გუნდისთვის კარგი გამოწვევაა. ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ორი თამაში შესანიშნავად ვითამაშებთ და იმედი მაქვს, რომ ხვალაც იგივე ხარისხს ვაჩვენებთ. მარტივი მატჩი არ გველის. მათ ახალი მწვრთნელი და ახალი გუნდი ჰყავთ. თამაშები, რომლებიც ვნახეთ, გვარწმუნებს, რომ თამაშს სერიოზულად უნდა მივუდგეთ და ყველაფერი ყურადღებით დავგეგმოთ. ისინი მარტივ გზას ნახულობენ გოლების გასატანად. აქვთ ხარისხი და თავს კარგად, სიღრმიდან იცავენ. პრესინგზეც შესანიშნავად თამაშობენ. ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ.

უსმან დემბელეს დაბრუნება. რა შეიცვალა ოქროს ბურთის მოგების შემდეგ? მგონია, რომ ოქროს ბურთზე ზედმეტად ხართ ფოკუსირებულნი. უსმან დემბელე იგივე ადამიანი და იგივე ფეხბურთელია. სხვებისგან არ განსხვავდება. ძალიან გვიხარია, რომ გუნდს დაუბრუნდა. ასევე, მარკინიოსი და დეზირე დუეც დაბრუნდნენ. ისინი ჩვენი გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენენ. ეს გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ძლიერი ფეხბურთელები დაგვიბრუნდნენ და ეს დიდ პოზიტივს და დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს. სამწუხაროდ, ფაბიან რუისი და ჟოაო ნევეში დაგვაკლდებიან. არ ვიცი, როდის დაბრუნდებიან. ისინი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ არიან და ახლა, რაც სჭირდებათ, ექიმებთან სწორი და მჭიდრო კომუნიკაციაა.

აქვს თუ არა ლუკა შევალიეს ევროპული დონის ხარისხი? ყოველ წელს ერთი და იგივე ხდება... ადრეც მითქვამს, ძალიან მიხარია, რომ გუნდში ლუკა შევალიეს მსგავსი მეკარე გვყავს. მგონია, რომ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ძალიან კმაყოფილი ვარ მისი შესრულების ხარისხით. როდესაც ფეხბურთელს ვყიდულობთ, მას ყოველთვის ხანგრძლივ პერსპექტივაში მოვიაზრებთ. მას აქვს შესანიშნავი ხასიათი და პროფესიონალიზმი, რომელიც როგორც ვარჯიშებზე, ისე თამაშებშიც გამოავლინა. არ ვიცი, თქვენ გახსოვთ თუ არა, თუ რამდენი წლის განმავლობაში აკრიტიკებდით დონარუმას. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში სპორტული თვალსაზრისით მოკალით კიდეც... ეს კრიტიკა დონარუმას ყურამდეც მიდიოდა... მაგრამ როდესაც პსჟ-ის მეკარეა ხარ, ასეთ ფაქტებს უნდა შეეგუო და ჯანლუიჯიც ზუსტად ასე მოიქცა. ასე რომ, ერთადერთი, რაც შემიძლია შევალიეს შესახებ გითხრათ, მიყვარს მისი დამოკიდებულება, ხასიათი და შემართება. მაღალი დონის მეკარეა და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს გუნდში თამაშობს. დარწმუნებული ვარ, ის პსჟ-სთვის მრავალი წლის განმავლობაში იქნება მნიშვნელოვანი ფიგურა.

რა შეიცვალა ბარსელონასთან გამარჯვების შემდეგ? მთავარი, რაც მივიღეთ, თავდაჯერებაა. ამ მატჩში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავდა და მათ უდიდესი გამოცდილება მიიღეს. ეს მაშინვე ვიგრძენი ვარჯიშებზე, მათ დამოკიდებულებასა და შემართებაზე. ამ ფეხბურთელებმა უდიდესი თავდაჯერება მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერ ლევერკუზენისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება 21 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპული მან. იუნაიტედთან ენფილდზე დამარცხდა - მამარდაშვილი სასტარტოში იყო
ლივერპული მან. იუნაიტედთან ენფილდზე დამარცხდა - მამარდაშვილი სასტარტოში იყო