როგორ უნდა იჩხუბო ილიასთან | რას ამბობს ხაბიბისა და ისლამის მწვრთნელი
MMA-ის მწვრთნელმა ხავიერ მენდესმა, რომელსაც კარიერაში ხაბიბ ნურმაგომედოვთან, კეინ ველასკესთან, დენიელ კორმიესთან, ფრენკ შემროკთან და სხვა ლეგენდებთან უმუშავია, ილია თოფურიაზე ისაუბრა. მენდესი ამჟამად ისლამ მახაჩევსა და უმარ ნურმაგომედოვს ავარჯიშებს და გაგვიზიარა გეგმა თუ როგორ უნდა ეჩხუბო „ელ მატადორს“
„ილია თოფურიას კრივის დისტანციაზე არ უნდა დაუდგე — მილიონი პროცენტით. მას MMA-ში საუკეთესო კრივი აქვს და ისეთ დონეზეა, რომ მიაჩნია, ტერენს კროუფორდსაც დაამარცხებს. მისი კრივი ძალიან მაღალ დონეზეა და, როგორც აღვნიშნე, MMA-ში საუკეთესოა. ილიასთან ბრძოლაში საჭიროა ფეხით და მუხლით დარტყმების გამოყენება — მის წინააღმდეგ მუაი ტაი კარგი ვარიანტია.
მთავარი ამოცანაა, მას აიძულო დისტანციაზე დარჩეს. ილიას კარგი ჭიდაობა და ჯიუ-ჯიცუ აქვს და თითქმის სრულყოფილი მებრძოლია. თითქმის იმიტომ, რომ ერთადერთი, რაც აკლია, არის ფეხით განხორციელებული დარტყმები. მისი სისუსტე სწორედ ესაა — ფეხით დარტყმები. ამის შემდეგ უნდა გამოსცადო მისი გრეპლინგი და ნახო, შენ ამ კომპონენტში უკეთესი ხარ თუ არა. ილია საოცარი გრეპლინგით არ გამოირჩევა, თუმცა საკმაოდ კარგი გრეპლერია.“
შეგახსენებთ, რომ მენდესს ილიაზე წარსულშიც უსაუბრია და უთქვამს, რომ მისი და ისლამ მახაჩევის ორთაბრძოლის ხილვა სურს. მისი თქმით, მახაჩევის გარდა, თოფურიასთვის პრობლემების შექმნა არმან ცარუკიანსა და ჯასტინ გეიჯისაც შეუძლიათ.